საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მოწვეული სასულიერო პირები მომდევნო სამი დღის განმავლობაში რიგ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
სასულიერო დელეგაციისთვის დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგს საპატრიარქო აქვეყნებს.
პროგრამის თანახმად, დღეს დაგეგმილია სასულიერო პირების სტუმრობა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და სამეცნიერო კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა, რის შემდეგაც უნივერსიტეტში მიღება გაიმართება. შემდეგ დაგეგმილია გამგზავრება მთავრობის კანცელარიაში და ერთობლივი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
დღესვე სასულიერო პირები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საიუბილეო კონცერტს დაესწრებიან.
12 იანვარს, 10:00 საათზე დელეგაციიის წევრები მსოფლიო პატრიარქის გარდა, შიო-მღვიმის მონასტერში გაემგზავრებიან, რომლის დათვალიერების შემდეგ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერსა და სვეტიცხოველს მოინახულებენ.
იმავე დღეს, 19.45 საათზე სტუმრებისთვის საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელით საზეიმო მიღება გაიმართება.
13 იანვარს, 09.45 საათზე საქართველოს პატრიარქის საიუბილეო თარიღათან დაკავშირებით საქართველოში მყოფი სტუმრები სამების საკათედრო ტაძარში მივლენ. ტაძრის კარიბჭესთან საზეიმო დახვედრა გაიმართება. 10.00 საათზე საპატიო სტუმრები საზეიმო წირვას დაესწრებიან.
19.45 საათზე პატრიარქის სტუმრები სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასს" ეწვევიან, სადაც 20.00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშამი გაიმართება.
14 იანვრის 09.00 საათიდან სტუმრების ინდივიდუალური გაცილება დაიწყება.