იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადეიშვილის ადვოკატი გოჩა სვანიძე ავრცელებს.
გოჩა სვანიძის ინფორმაციით, სასამართლოს შესაძლოა გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი აქვს, მაგრამ მისთვის აღნიშნულის თაობაზე არ უცნობებიათ.
ადვოკატის ცნობით, ადეიშვილთან დაკავშირებით მისი საჩივრის განხილვის ვადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გუშინ საღამოს ამოეწურა.
საჩივარი, რომელიც ადეიშვილის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა, ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ხელმოწერის გარეშეა მომზადებული. თუმცა, ადვოკატი არ აკონკრეტებს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლომ საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადოს.
ზურაბ ადეიშვილს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად 5 იანვარს შეუფარდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ადეიშვილზე უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.