საქართველოში სტუმრად მყოფი კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს პირველი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი , ილია მეორე მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა და მსოფლიო პატრიარქმა კიდევ ერთხელ მიულოცეს საქართველოს პატრიარქს დაბადებისა და აღსაყდრების საიუბილეო თარიღი. მიხეილ სააკაშვილმა უწმინდესის დიდ ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი საიუბილეო თარიღი მთელი ერისთვის საყოველთაო ზეიმია.
თავის მხრივ, მსოფლიო პატრიარქმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მიხეილ სააკაშვილს გულთბილი დახვედრისთვის, დალოცა სრულიად საქართველო, უწმინდესი, საქართველოს პრეზიდენტი და მათ დღეგრძელობა და ქვეყნის საკეთილდღეოდ სიძლიერე უსურვა.
შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სერბეთის პატრიარქი და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე ესწრებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა ბართლომეოს პირველს მადლობა გადაუხადა პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
"თქვენო უწმინდესობავ, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი საქართველოში ყოფნა, თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემენ, არა მხოლოდ, როგორც სულიერ მამას, არამედ, როგორც გამორჩეულ პიროვნებას. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით თქვენს ჩამობრძანებას, თქვენ საქართველოს ნამდვილად დიდი მეგობარი ბრძანდებით, ძალიან მადლობლები ვართ იმ ღვაწლის გამო, რომელიც თქვენ ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში მიგიძღვით, ასევე იმ წვლილისთვის რაც თქვენ რეგიონებს შორის მოლაპარაკებებში შეგაქვთ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენი ვიზიტი დაემთხვა ჩვენი პატრიარქის 35-ე აღსაყდრების წლისთავსა და 80 წლის იუბილეს და ეს დიდი პატივისცემის გამოხატულებაა თქვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიყვარს პატრიარქი და ამიტომაცაა, რომ საქართველო ასეთი მადლიერია თქვენი. ეს თარიღი არა მხოლოდ პატრიარქის იუბილე, არამედ საერთო ქართული დღესასწაულია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.
დავით უსუფაშვილმა კი, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბართლომეოს პირველს, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის იუბილეზე საქართველოში იმყოფება, ხოლო საქართველოს პატრიარქს იმ გაწეული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში შეიტანა.
მსოფლიო პატრიარქმა საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატრიარქის დაბადებისა და აღსაყდრების საიუბილეო თარიღზე საქართველოში ყოფნა.
"ძალიან სასიამოვნო ფაქტია ყველა ჩვენგანისთვის, რომ პატრიარქის იუბილეზე ვიმყოფებით საქართველოში. ვუსურვებ უწმინდესსა და უნეტარესს დღეგრძელობას, რათა დიდხანს ემსახუროს ეკლესიასა და ქართველ ერს და ვლოცავ სრულიად საქართველოს და თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ ღვთისნიერ კურთხევასა და მხნეობას, რათა ნაყოფიერად ემსახუროთ საქართველოს",- განაცხადა ბართლომეოს პირველმა.
შეხვედრის შემდეგ კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს პირველმა ქვეყნის პირველ პირს სიმბოლური საჩუქარი გადასცა, რის შემდეგ პრეზიდენტის სახელით მსოფლიო პატრიარქის საპატივცემულოდ საზეიმო ვახშამი გაიმართა, სადაც ამაღლების ტაძრის მგალობელთა გუნდისა და სოფო ნიჟარაძის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობელი - "წმინდაო ძლიერო" შესრულდა. უწმინდესმა ვახშამზე, მის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის საგალობლის ისტორიაც გაიხსენა და ღვთისმშობლის სახელით ქვეყანა, ერი, პრეზიდენტი და დამსწრე სტუმრები დალოცა.