საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები დატოვეს.
სამძიმრის წიგნი დღეს, 13:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიხსნა და მასში ჩანაწერების დატოვება მსურველებს ხვალაც შეეძლებათ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ჯემალ აჯიაშვილის სახით ქართულმა და ებრაულმა პოეზიამ დიდი პიროვნება დაკარგა.
,,მწუხარებას გამოვთქვამ დიდი მწერლის, ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალების გამო. ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც ჯემალ აჯიაშვილმა შეიტანა ქართველი და ებრაელი ერის კულტურული ურთიერთობის საქმეში. მთელი თავისი მოღვაწეობა მან ამ ორი უძველესი ერის დაახლოებას მიუძღვნა. ებრაული კლასიკური პოეზიის თარგმანებით მან დიდი საგანძური შეიტანა ქართულ პოეზიაში. გამორჩეული ზნეობის ადამიანის, ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას მუდამ ეყოლება დამფასებელი ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჯემალ აჯიაშვილის მეგობრებსა და ახლობლებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც მიუსამძიმრა.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ჯემალ აჯიაშვილს ბავშვობიდან იცნობდა, რადგან ის მის მშობლებთან მეგობრობდა.
გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ჯემალ აჯიაშვილი იყო ისრაელში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი.
,,ძალიან დამწყდა გული მისი გარდაცვალების გამო. გარდა იმისა, რომ იგი იყო ძალიან დიდი პოეტი და მთარგმნელი, მნიშვნელოვანი ფიგურა ქართველ და ებრაულ პოეზიაში, ასევე გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და მუშაობდა ისრაელში საქართველოს საელჩოში. ამიტომ მე აქ ორმაგი დატვირთვით ვარ – როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორც ქართულ მწერლობასთან მჭიდროდ დაკავშირებული ოჯახის წარმომადგენელი. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ამ სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობა. სამძიმრის წიგნში ჩავწერე, რომ გული დამწყვიტა მისმა გარდაცვალებამ და რომ ჯემალ აჯიაშვილი ძალიან დააკლდება ქართველ და ებრაელ ხალხებს”,- განაცხდა მაია ფანჯიკიძემ.