ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს.
მსვლელობაში სტიქაროსნები და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები მონაწილეობენ, მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებიან.
მსვლელობა თეატრალიზებულია.
მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას. კონკასთან მონაწილეთა ჯგუფი საპატრიარქოში გადავა. იქ ალილოს მონაწილეებს პატრიარქი შეხვდება და ტკბილეულს გადასცემს. ამასთან, უწმინდესი ალილოს მონაწილეებს დალოცავს.
შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. აქ ერთი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც ალილოს მონაწილეებს ტკბილეულს პრეზიდენტიც გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.
მეალილოებთან ტრადიციული შეხვედრა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. ალილოს მონაწილეებს პარლამენტთან, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ბიუროს წევრი დეპუტატები უმასპინძლებენ.
ამასთან, წელს ალილოში მონაწილეობის სურვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემაც გამოთქვა. მსვლელობის მონაწილეები სასახლესთანაც შეჩერდეიან.
მოსახლეობა ალილოში მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ამ მიზნით მერიამ ავტობუსები გამოყო.
წელს პირველად, პარალელურად, მეორე მსვლელობა ისნიდან დაიწყება და ასევე სამებასთან დასრულდება.
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია ისევ აღდგა.