იუსტიციის სამინისტროს ცნობით, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი შობის სადღესასწაულო წირვას სასჯელაღსრულების #12 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან ერთად დაესწრო.
მსჯავრდებულებს შობის დღესასწაული თეა წულუკიანთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ხასიამ მიულოცა.
წირვის დასრულების შემდეგ წულუკიანმა პატიმრებს შობა მიულოცა და თავისუფლება უსურვა.
,,ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს თქვენთან ერთად ვზეიმობ. მოვედი აქ რათა გითხრათ - თქვენ არ ხართ მარტო! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. სწორედ ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტრო იწყებს ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის პროექტს. პროექტის ფარგლებში, მას შემდეგ, როცა თქვენ საპატიმროს დატოვებთ, ჩვენ შევეცდებით სხვადასხვა სახის დახმარება აღმოგიჩინოთ და ხელი შეგიწყოთ დასაქმებაში. ჩვენი სურვილია, თქვენ აღარასდროს აღარ დაბრუნდეთ საპატიმროში”, - განაცხადა წულუკიანმა.
საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, თეა წულუკიანი პატიმრებს გაესაუბრა და რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის პროექტის შესახებ დაწვრილებით უამბო.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს იწყებს, რაც ამ ცენტრის საქმიანობაში სიახლე იქნება. ცენტრი წინასწარ დაგეგმავს საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის პროცესს. პროექტის მიზანია, ყოფილი პატიმრის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ხელახალი მოხვედრის ალბათობის შემცირება.