ავღანეთში დაღუპული სერჟანტის, გიორგი კიკაძის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა გამოუცხადეს.
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია და რიჩარდ ნორლანდი რუსთავის სიონის ტაძარში, სადაც გარდაცვლილი სამხედროა დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდზე რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
გარდა ამისა, დაღუპული სამხედროს ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
ამ წუთებში რუსთავის სიონის ტაძარში გიორგი კიკაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაახლოებით ერთ საათში კი დაკრძალვის ცერემონია დაიწყება.
სერჟანტი გიორგი კიკაძე 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა; საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ სერჟანტი კიკაძე II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე მან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის წინა მოსამზადებელი 6-თვიანი კურსი გაიარა. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა.
გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად ანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული სერჟანტის დაკრძალვის ხარჯებს. ასევე, გიორგი კიკაძის ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია.