თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, სამ საქმეზე ბრალის მოხსნას ითხოვს. მისი თქმით, ბრალდებებთან დაკავშირებით სასამართლომ და პროკურატურამ კონკრეტული პოზიციები უნდა დააფიქსირონ.
ამის შესახებ კორძაძემ დღეს გამართულ პროსკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ წაყენებული 3 ბრალდება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან არ არსებობს მოტივი ოქრუაშვილის ქრთამის აღების, სამსახურეობრივი გულგრილობის და ე.წ „ჯეოისელის“ საქმეზე ბრალდების გაგრძელებისათვის.
ადვოკატის თქმით, გუშინდელ პროცესზე პროკურატურამ სასამართლოს წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა იმ მოტივით, რომ ვერ მოასწრო სრულყოფილი გამოძიება. "ეს ნიშნავს, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დატოვა პატიმრობაში, რომლის ვადა 7 იანვარს იწურება. ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
რაც შეეხება "ჯეოსელის საქმეს" და სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებას, ადვოკატის თქმით, ამ ორ საქმეზე ბრალდება პრაქტიკულად აღარ დარჩა და მას უკვე პროკურატურის კონკრეტული პოზიცია აინტერესებს, რადგან საქმე ეხება ადამიანის ბედს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.
ადვოკატი ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნას სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზეც მოითხოვს. როგორც კორძაძემ განმარტა, ექსპერტიზა ჩატარდა, 60 მლნ ვაზნიდან გამოიცადა 1650, არც ერთი მათგანი არ იყო ფუჭი, შესაბამისად, ბრალდება არ არსებობს და საქმე უნდა შეწყდეს.
ამასთან, როგორც კორძაძემ განაცხადა, შეიარაღებული დაჯგუფების შექმნისა და მეთაურობის საქმის სასამართლო განხილვას პროკურატურა აჭიანურებს.
"დადგა დრო, როცა ყველა ორგანომ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. საქმე ეხება ადამიანის ბედს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში. არ მომწონს ის სამართლებრივი ცუღლუტობები, რასაც ადგილი აქვს ოქრუაშვილთან მიმართებაში. ეს დაიწყო პოლიტპატიმრების სიის საკითხით და ახლაც გრძელდება. ვთხოვ ყველა ორგანოს, ყველანაირი პოლიტიკური სარჩული მოაცილონ ოქრუაშვილის საქმეს და იმოქმედონ სამართლებრივ ჭრილში", - განაცხადა ადვოკატმა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მიმართავს როგორც სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ზვიად კორძაძის თქმით, მისი ეჭვის საფუძველს სასამართლოს ქმედებებიც იწვევს, რადგან რამდენიმე საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება არ შეიცვალა, იმის გათვალისწინებით, რომ ოქრუაშვილი თვითონ წარდგა სასამართლოს წინაშე.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვისი პატიმარია ირაკლი ოქრუაშვილი. ვითხოვ ყველა ორგანოს, რომ ყველანაირი პოლიტიკური სარჩული მოაცილონ საქმეს და იმოქმედონ სამართლებრივ ჭრილში,“ - განაცხადა ზვიად კორძაძემ.