ავღანეთში დაღუპულ სერჟანტ გიორგი კიკაძეს დღეს რუსთავში დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
გიორგი კიკაძის ცხედარი საქართველოში 1 იანვარს ჩამოასვენეს. აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები დაესწრნენ. აეროპორტში აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი იმყოფებოდნენ.
სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
გიორგი კიკაძე 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ სერჟანტი კიკაძე II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე მან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის წინა მოსამზადებელი 6-თვიანი კურსი გაიარა. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული სერჟანტის დაკრძალვის ხარჯებს. გიორგი კიკაძის ოჯახს გადაეცემა კომპენსაციაც.