საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ის ელჩები გაიწვია, ვისაც როტაციის ვადა გასდიოდა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ლატვიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ეუთოსა და ავსტრიაში მოღავწე საქართველოს ელჩებს როტაციის ვადა გასდიოდათ.
“ისინი 3-4 წელი, ან უფრო მეტი ხანია ამ თანამდებობაზე არიან. მათგან ზოგს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან საელჩოებში",-აცხადებს ფანჯიკიძე.
მინისტრის განცხადებით, რამდენიმე ელჩმა თავად განაცხადა უარი ახალ მთავრობასთან თანამშრომლობაზე - ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩმა თემურ იაკობაშვილმა, გაერო-ში ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ და იტალიაში ელჩმა კოტე გაბაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს 9 ელჩის გამოცვლას, რომელთა სიაც უშიშროების საბჭოს უკვე გადაეცა.
„ეს არის მნიშვნელოვანი საელჩოები, რომელიც მნიშვნელოვანია დაკომპლექტებული იყოს ისეთი ხალხით, რომელიც ახალი მთავრობის პოლიტიკას სწორედ გაატარებს. მეორე – ისინი "ნაცმოძრაობის" პარტიულ ინტერესებს არ ემსახურებოდნენ“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩს და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სალომე სამადაშვილს, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სამადაშვილი უკვე 10 წელია ბრიუსელში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელია, ეს კი მიუღებელი ვადაა,რადგან ელჩის მუშაობის ვადა 3 წელია, რომელიც შეიძლება ერთი წლით გახანგრძლივდეს.
მაია ფანჯიკიძემ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩზე გიორგი ბადრიძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გამოწვევის საკითხის დღის წესრიგში დადგომა უკავშირდება იმ უცენზურო გამონათქვამებს, რომელიც დიპლომატმა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ საელჩოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ გამოიყენა. მინისტრის თქმით, ეს დიდი შეცდომაა, რომელიც დიპლომატმა არ უნდა დაუშვას.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ახალი ელჩების ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.