საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 80 წლის იუბილე მიულოცა და ქართველი ხალხის და ერის საკეთილდღეოდ დიდხანს სიცოცხლე და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.
“გულითა და სულით ვულოცავ მის უწმინდესობას დაბადებისა და აღსაყდრების საიუბილეო თარიღს. უკვე 35 წელია, რაც იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლია. ამ ხნის განმავლობაში უწმინდესი უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას. დღეს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩვენს ეკლესიასთან ერთად ვაშენებთ, რადგან ჩვენი ძლიერება ჩვენსავე ერთობაშია, თანადგომასა და სიყვარულში. ამ ერთობაში განუზომელია მისი უწმინდესობის პირადი წვლილი, ქვეყნის სულიერი საჭეთმპყრობლისა და ერის მოძღვრის ღვაწლი. ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და ნაყოფიერ მოღვაწეობას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.