საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთა თავმჯდომარეს გენერალ მარტინ დემფსის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გაერთიანებული შტაბის უფროსს ასევე ესაუბრა ევროპის სარდლობის სარდალი და ნატო-ს გაერთიანებული ძალების უმაღლესი სარდალი ევროპაში ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსნებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს ISAF-ის მისიაში სერჟანტ გიორგი კიკაძის გარდაცვალების გამო და პოლკოვნიკ ძნელაძეს პირადად სთხოვეს, აშშ-ის არმიისა და ევროპის სარდლობის სახელით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმროს.
„სატელეფონო საუბრისას, გენერალმა დემფსიმ და ადმირალმა სტავრიდისმა საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსთან საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში კონტრიბუციაზე, ქართველი სამხედროების მამაცობასა და პორფესიონალიზმზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო მისიებში თანამშრომლობის საკითხებზე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ, გავრცელებილ განცხადებაში.