პრეზიდენტს „ამნისტიის შესახებ“ ვეტოდაძლეულ პროექტზე ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვადა 11 იანვარს ეწურება.
კერძოდ, თუ ვადის გადათვლა კალენდარული დღეების მიხედვით მოხდება, პრეზიდენტს ხელმოწერის ვადა 4 იანვარს ეწურება, თუმცა, თუ დასვენების დღეები იქნება გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, ხელმოწერის ბოლო ვადა 11 იანვარი იქნება, რადგან პარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ვეტო დადებული კანონპროექტი 28 დეკემბერს დასძლია.
რეგლამენტის მიხედვით, თუ პრეზიდენტი ამნისტიის კანონპროექტს კვლავ ხელს არ მოაწერს, პარლამენტის ვეტო დაძლეული პროექტი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმოწერით შევა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს აწერს, კანონი საკანონმდებლო მაცნეში ქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ „ამნისტიის შესახებ“ პროექტზე პარლამენტი ერთი თვის განმავლობაში მსჯელობდა და ძალოვანი უწყებების რჩევით კანონპროექტიდან ათეულობით მუხლი ამოვიდა. პროექტს ხელი კი, პრეზიდენტმა არ მოაწერა და ის ფაქტი გააპროტესტა, რომ კანონპროექტში 22-ე და 24-ე მუხლები იყო შეყვანილი, რომელიც არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ეხება. ასევე ამნისტია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ პირებზე ვრცელდება.
დეპუტატებმა 28 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ვეტო 91 მომხრით ხმით 24-ის წინააღმდეგ დასძლიეს. უმრავლესობას ვეტოს დაძლევაში კი, უმცირესობის ორი წევრი - გურამ მისაბიშვილი და გიორგი ფეიქრიშვილი დაეხმარნენ. ასევე ის პირები, რომელთაც უმცირესობის რიგები უკვე დატოვეს.