შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, 2013 წლის 2 იანვარს, დაახლოებით, 01:15 საათზე, შეშელიძის ქუჩაზე, №31 ელგანათების ბოძის მიმდებარედ, ავტომობილი "ბმვ 528" ასფალტის მოყინულ ზედაპირზე მოცურდა, დაკარგა მართვა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ქვეითად მყოფ თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილს და ასევე ქვეითად მყოფ მოქალაქე გიორგი გიგაურს დაეჯახა, რის შემდეგაც, "ბმვ"-ს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, გიორგი თექთუმანიშვილი გადაყვანილი იქნა აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მიღებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი გიგაური გადაყვანილი იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა ამჯერადაც მძიმეა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, თბილისისა და მცხეთა- მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, გიორგი თექთუმანიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგენილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი მძღოლი კარლო თ. რომელმაც დაკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის საფუძველზეც, იგი დაკავებულია.
გიორგი თექთუმანიშვილს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც თავად იმავე ადგილას, სხვა ავტოავარიის შემთხვევის ოქმს აფორმებდა. როგორც გაირკვა, შეშელიძის ქუჩაზე ორივე ავტოავარია სავალი ნაწილის მოყინვამ გამოიწვია.
"გამოძიებით ირკვევა, რომ გიორგი თექთუმანიშვილმა მის მეწყვილესთან ერთად, და ასევე ამ რაიონში მოძრავმა სხვა საპატრულო ეკიპაჟებმა, მოყინული გზის შესახებ, შესაბამისი რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, მერიის ცხელ ხაზს 6-ჯერ აცნობეს, თუმცა, მერიის შესაბამის სამსახურს არც ერთ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია. შეშელიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე, ღამით, მარტო 2 საათის განმავლობაში ავტოავარიის 3 შემთხვევა დაფიქსირდა", - აცხადებენ შსს-ში.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს.