განვლილი 2012 წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისა და ქვეყანაში ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დამარცხების წელი. ეს გამარჯვება საქართველოს მოსახლეობამ, თითოეულმა ჩვენგანმა ღირსეული, შეუპოვარი ბრძოლით და რაც უმნიშვნელოვანესია მშვიდობიანად მოვიპოვეთ.
2013 წელი საქართველოს უდიდესი გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა შევძლოთ და გამოვიყენოთ ის შანსი, რომელიც კიდევ ერთხელ მოგვეცა და მოვახერხოთ ჩვენი სამშობლოს რეალურად დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დავიწყოთ ეროვნულ ფასეულობებისა და ტრადიციების პატივისცემაზე დაფუძნებული თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობა.
იმედს ვიტოვებთ, რომ 2013 წელი საქართველოსათვის იქნება კეთილი ურთიერთობების გამყარებისა და პრობლემური ურთიერთობების მოგვარების, ასევე ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან პირდაპირი საუბრისა და ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენის წელი.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ახალ 2013 წელს საქართველოს ყველა მოქალაქეს უსურვებს მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, სიყვარულს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ოჯახებში და წინსვლასა და წარმატებებს საქმიანობაში.