ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკის პრესვიტერიანულ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი პრესმდივნის ფილიპ რეინსის განცხადებით, კლინტონი საავდმყოფოში კვირას, ცუდად გახდომის შედეგად გადაიყვანეს. გამოკვლევების შედეგად, ჰილარი კლინტონს თრომბი აღმოაჩნდა. ამჯამად მას ანტიკოაგულანტებით მკურნალობენ.
სახელმწიფო მდივანი დეკემბრის დასაწყისში ერთხელ უკვე აღმოჩნდა საავადმყოფოში, მან გონება დაკარგა, რის შედეგადაც ტვინის შერყევა მიიღო. მაშინ მედიკოსებმა განაცხადეს,რომ ეს მდგომარეობა ნაწლავების ინფექციამ გამოიწვია, რომელმაც თავის მხრივ ორგანიზმის გაუწყლოვებას შეწყო ხელი.
2013 წლის იანვრის დასაწყისში დაგეგმილია ჰილარი კლინტონის ამერიკის კონგრესის კომისიის წინაშე წარსდგომა, რომელიც ბენღაზში, ამერიკის საელჩოზე თავდასხმის ფაქტს იძიებს. ამ თავდასხმას ოთხი ადამიანის, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსისი სიკვდილი მოჰყვა.