სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, ორი თვის განმავლობაში 939 მსჯავრდებული გათავისუფლდა. ამის შესახებ გიგა გიორგაძემ სამინისტროში პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის და ადგილობრივი საბჭოების მუშაობის შედეგებთან დაკავშირებით, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან დღემდე ადგილობრივმა საბჭოებმა და კომისიამ განიხილა 8000-მდე მსჯავრდებულის განცხადება და ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა გენდერული საკითხი, ანუ პრიორიტეტი ენიჭებათ ქალებს, არასრულწლოვნებს. ჩვენ ამ კომისიის ფარგლებში გავათავისუფლეთ 939 მსჯავრდებული. სტატისტიკისთვის მოგახსენებთ, რომ 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიცვალა ადგილობრივი საბჭოების და მუდმივმოქმედი კომისიები, სულ გათავისუფლდა 845 პატიმარი, ანუ რაც ამ საბჭოების მიერ 2 წლის განმავლობაში გათავისუფლდა, ჩვენ 2 თვის პერიოდში გავათავისუფლეთ. საპატიმრო დაწესებულება - 117-მა ქალმა, 9 არასრულწლოვანმა, 9 პოლიტპატიმარმა და 30-მდე მძიმე ავადმყოფმა დატოვა. გუშინ და დღეს გაიმართა ადგილობრივი საბჭოების სხდომა და მათი გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული. ჩვენ ამ საკითხების განხილვას ფრთხილად ვეკიდებით, ვაფასებთ თითოეულ პატიმარს, თუ რამდენად არსებობს რისკი განმეორებითი დანაშაულის ჩადენის, ასევე ვაფასებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დახასიათებას და ა.შ" - განაცხადა გიორგაძემ.