პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი 532 მსჯავრდებული გათავისუფლდა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში შეწყალებულ მსჯავრდებულთა სტატისტიკა წარმოადგინა.
„ბოლო პერიოდში ისმის განცხადებები, რომ ამნისტიის შედეგად ნარკორეალიზატორები, ყაჩაღები და ქურდები ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს. მინდა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავდებულთა სტატისტიკა წარმოგიდგინოთ. ეს ბოლო პერიოდს ეხება. პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენი 532 ადამიანი გათავისუფლდა, მძიმე დანაშაულისთვის – 723 ადამიანი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულითვის კი – 289 ადამიანი. ამ მუხლებში, რის გამოც აღნიშნული პირები დაკავებულები იყვნენ, არის საკმაოდ ისეთი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშულებები, როგორიცაა – მკვლელობა, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ანუ ადამიანის გატაცება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა. მაგალითად, პრეზიდენტის შეწყალების შედეგადად, ყაჩაღობის მუხლით გასამართლებულმა 94-მა მსაჯვარდებულმა დატოვა ციხე. აქვე არის, ნარკოტიკული დანაშაულებებითვის, ანუ სსკ 260-ე მუხლით, მათ შორის, ამ მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ ნივთიერებებისთვის არიან მსჯავდებულები, ასეთი გათავისულებულია 407 მსჯავრდებული. აქვე საინტერესოა, სსკ 223-ე პრიმა მუხლით გათავისუფლებული, ეს არის ქურდული სამყაროს წევრობა და პრეზიდენტის შეწყალებით, ამ მუხლით გასამართლებულმა 2-მა პირმა დატოვა საპატიმრო. ჩვენ ზოგადად გათავისუფლებას არ ვაკრიტიკებთ. ბუნებრივია, ადამიანი, რა დანაშაულისთვისაც არ უნდა იხდიდეს სასჯელს ეს არ ნიშნავს, რომ მან მთელი ცხოვრება უნდა გაატაროს საპატიმროში, თუ ამისთვის შესაბამისი სანქცია არ არის, მაგრამ, როდესაც ამნისტიაზე კეთდება აპელირება, რომ ამის შედეგად ნარკორეალიზატორები, ტოვებენ ციხეებს, ჩვენ პარალელურად წარმოგიდგენთ იმ სტატისტიკას, თუ რა დანაშაულებებისთვის იწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულებს. ასევე პრეზიდენტის შეწყალების შედეგად ძალიან ბევრი წლის ჩუქებაც მოხდა" - განაცხადა გიორგაძემ.