აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების რვა ქართველი კურსანტი თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მიიღო.
ირაკლი ალასანია მომავალი ოფიცრების სწავლის პირობებს გაეცნო და მათი სამომავალო გეგმებით დაინტერესდა. ამერიკული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
„აღფრთოვანებული ვარ იმ დიდი ცოდნით, რომელსაც ჩვენი კადეტები „ვესტ-პოინტის“ სამხედრო სასწავლებელში, ასევე, სანაპირო დაცვის, საზღვაო, საჰაერო ძალების აკადემიებში იღებენ. ეს ბიჭები არიან ჩვენი ელჩები, ჩვენი წარმომადგენლები ამ აკადემიებში. ამ ახალგაზრდების ცოდნის სიღრმე და მოტივაცია ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ისინი დაუბრუნდებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, კიდევ უფრო გაამდიდრებენ და ქმედითუნარიანს გახდიან ჩვენს არმიას“, - განაცხადა ალასანიამ.
ქართველი ახალგაზრდები აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში განათლებას 2007 წლიდან იღებენ. სასწავლებლად გამგზავრებამდე, ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან 10 წლიან კონტრაქტს აფორმებენ და სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აგრძელებენ მსახურს. სწავლებას მთლიანად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აფინანსებს და სრული კურსი 4 წელს მოიცავს. ამჟამად, აშშ-ის ყველა პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში 12 ქართველი მსმენელი ირიცხება.