საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სპეციალური მიმართვის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, ლევარ ვარშალომიძის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა და ვარშალომიძის მიღწევებზე ისაუბრა.
სააკაშვილის განცხადებით, ლევან ვარშალომიძეს დღე და ღამე არ უძინია და არც პირადი ცხოვრება და კეთილდღეობა მოუწყვია.
მისი თქმით, ბათუმში ანტიკორუფციული გამოძიების მიზნით ლევან ვარშალომიძე არა მხოლოდ დაიბრეს, არამედ კარებთან მთავრობის აქტივისტების ჯგუფი დაახვედრეს, რომლებმაც მიაყენეს შეურაცხყოფა და მასზე გაიწიეს.
„მე მინდა ყველას ვუთხრა, ღირსებაც უნდა გქონდეს. ბათუმი და აჭარა, რომელიც მიწასთან გასწორებული და განადგურებული იყო, ამ კაცმა ერთპიროვნულად, ნუ ჩემი დახმარებით, დააყენა ფეხზე და ევროპის ისეთ რეგიონად აქცია, რომელსაც მთელი ევროპა და მსოფლიო შენატრის და ეს ხომ ჩემი ლაპარაკი არ არის, შეხედეთ სტატიებს, თვალები გაახილეთ და შეხედეთ, რა ააშენა ვარშალომიძემ და რა გააკეთა აჭარაში. აჭარა დააყენა გზაზე, რომ ყოფილიყო ნამდვილი წალკოტი. არა მხოლოდ ფეშენებელური სასტუმროები, უსახლკაროთა რამდენი სახლი ააშენა, რამდენ ადამიანს გაუმართა ხელი, ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი შექმნა. მე ხომ ვარ ამის მოწმე, დღე და ღამე არ უძინია და არაფერი არ უნდოდა თავისთვის. არც პირადი ცხოვრება და არც პირადი კეთილდღეობა არ მოუწყვია. დღე და ღამე საერთოდ თვალი არ მოუხუჭავს, ქმნიდა სამუშაო ადგილებს, დასდევდა ინვესტორებს და ფიქრობდა, რა გაეკეთებინა მშობლიური მხარისთვის. და ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ასლან აბაშიძეს უნდა მოუხადოს ბოდიში, მისი რეაბილიტაცია გააკეთოს და ციხით უნდა დაემუქროს ვარშალომიძეს, რომელმაც დააბრუნა აჭარა საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში, ერთი გრამი არ ყოფილა გადაცდენა ამ მიმართულებით მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს არ იყო მარტივი პროცესი, რომელმაც შეძლო ამ რეგიონის ფეხზე დაყენება და სამაგალითოდ ქცევა, დღეს უნდა იკითხებოდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ასლან აბაშიძის რეაბილიტაციას მოითხოვენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გავა დრო და ამ პროცესში, ასევე მათ, ვინც ამ ყველაფერზე პასიურად რეაგირებდა, შერცხვება.