პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს პოლიტიკურ რინგზე იწვევს და ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს. საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს ის უფლებამოსილება უუქმდება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტის ნების წინააღმდეგ გადააყენოს მოქმედი მთავრობა, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით, მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი შეინარჩუნოს.
ამას გარდა, ცვლილებებით, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს, მას უფლება ეძლევა პარლამენტი დაითხოვოს და ნებისმიერ დროს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 6 თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ამასთან, უმრავლესობის წინადადებით, ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას, გადაყენებული მთავრობა გააგრძელებს.
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ მოდელით, სანამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალაში კონსტიტუციის ის ცვლილებები შევა, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად მთავრობის ხელში გადავა, წარმოდგენილი ინიციატივა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებასა და პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ოპოზიციას, ცვლილებებს უმცირესობა თუ როგორ აფასებს, From.ge ოპოზიციონერ დეპუტატს - აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
როგორ აფასებთ, მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს?
-თუ ცვლილებებით მაქსიმალურად იქნება გარანტირებული, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი თავიდან იქნეს აცილებული, რა თქმა უნდა, ამ სახის ინიციატივას მივესალმებით. თუმცა, თუ ცვლილებები პირიქით განმაპირობელი და მაპროვოცირებელი იქნება იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დადგეს, ამის მომხრე ვერ ვიქნებით.
მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დათხოვის კონსტიტუციური უფლებით მანიპულირებდა. უმრავლესობამ კი, ამის საპასუხოდ, ეს ცვლილებები მოამზადა. არ ფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების მაპროვოცირებელი სწორედ ქვეყნის პირველი პირის განცხადებებია?
-ვერ დაგეთანხმებით, რადგან პრეზიდენტის მხრიდან, ეს წინადადება არ წამოსულა. ორივე მხარე კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ როგორც კი, ჩვენგან საყვედური ისმის, უმრავლესობა გვეუბნება, რომ თქვენ თანამშრომლობის ნორმები დაარღვიეთო. რატომღაც თვლიან, რომ ჩვენ მოლოდინის რეჟიმში უნდა გადავიდეთ და ვუყუროთ - რას და როგორ აკეთებენ. სჯობს, კონკრეტულ თემებზე ვითანამშრომლოთ და ასეთია საგარეო პოლიტიკა, რომელიც დეკლარირებულად საერთოა. მიმაჩნია, რომ სამარცხვინოა, როდესაც ერთსა და იმავე საერთაშორისო შეხვედრაზე, ერთი პატარა ქვეყნის დელეგაცია ცალ-ცალკე შედის. თუ გვსურს, რომ დასავლური-ცივილიზებული სამყაროს ორგანული ნაწილი ვიყოთ, ურთთიერთდაპირისპირება იმ სფეროში მაინც უნდა შევცვალოთ, სადაც თანამშრომლობის პერსპექტივა არსებობს და მინიმუმ ეს საგარეო პოლიტიკაა. საგარეო კუთხით კი, პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა, როგორც ჩანს, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მოვლენებს მშვიდად უნდა უყურებდეს.
თქვენ კოჰაბიტაციის პროცესზე საუბრობთ, მაგრამ პოლიტიკურ მხარეებს შორის თანაცხოვრების პროცესს საფრთხის წინაშე თავად პრეზიდენტი არ აყენებს, რომელიც ოპონენტებს „ოროსნებს“, „უწიგნურებს“ და ა.შ. უწოდებს. მიხეილ სააკაშვილის მსგავს გამონათქვამებს მიესალმებით?
-რა თქმა უნდა, მსგავს გამოთქმებს არ მივესალმები. ეს თანამშრომლობის პროცესს ხელს ვერ უწყობს, მაგრამ როდესაც, დასავლური ორიენტაცია დეკლარირებულია და მეზობელ ქვეყნებთან პრობლემა-პრობლემაზე გვემატება, ამაზე უნდა ვიზრუნოთ. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გავაუმჯობესოთ, რა თქმა უნდა, უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამ ფონზე, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას არ უნდა ვაუარესებდეთ. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობას მთავრობის წევრების გამონათქვამები გვიფუჭებენ.
მაგალითად, ვისი განცხადებით გაურესდა ურთიერთობა?
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სადაც ის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე საუბრობდა.
თუმცა, მოგვიანებით, პრემიერმა დაზუსტება გააკეთა და განაცხადა, რომ რკინიგზის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება და ხელშეკრულების მხოლოდ პირობები გადაიხედება, რომ ქართულმა მხარემ მეტი სარგებელი ნახოს. . .
-არ ვიცი, ეს გამოუცდელობით მოუვიდა, არ ვიცი, შეგნებულად, მაგრამ მისი მხრიდან ისეთ გამონათქვამებს აქვს ადგილი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს. სიტყვა ჩიტივითაა - გაფრინდება და მერე მისი უკან დაბრუნება ძნელია. მიხეილ სააკაშვილი ვინმეს მოსწონს თუ არა, პრეზიდენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში ცივილიზაციისთვის ლიდერი პოლიტიკოსია. ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანში ბოდიშების მოხდამ კი - შემზარა. მას თავისი ნათქვამის შეცდომად აღიარება მოუწია. ერთის მხრივ, ეს კარგია, როდესაც ადამიანი თავის შეცდომებს აღიარებს, მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ეს შეცდომები, ყოველ დღე მეორდება - ცუდია.
თუმცა, ივანიშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტს შეცდომების აღიარება არ სჩვევია. ეს კარგია?
-ეს პრეზიდენტის შეცდომაა.
მისი მხრიდან შეცდომა არ იყო, როდესაც სამართალდამცავ უწყებებს მთავრობის დაუმორჩილებისაკენ მოუწოდა?
-მიმაჩნია, რომ არ უნდა ეთქვა, მაგრამ რაც პრეზიდენტმა თქვა, ეს კანონში პირდაპირ წერია. მიხეილ სააკაშვილს უკანონო არაფერი უთქვამს, მაგრამ დაინტერესებული ადამიანების მხრიდან, განცხადება ძალადობისკენ მოწოდებად იქნა აღქმული. თანამშრომლობის რეჟიმში, პრეზიდენტი თავის სიტყვას მაქსიმალურად უნდა წონიდეს, მაგრამ რა თქვა პრეზიდენტმა - კანონი უნდა იყოს უზენაესი? ამაში განსაკუთრებული არაფერია თუ მას განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივანიჭებთ.
პრემიერი და მისი გუნდი რიგგარეშე არჩევნებს გთავაზობთ. ვადამდელ არჩევნებზე წახვალთ?
-რიგგარეშე არჩევნებით დაინტერესებულნი არ ვართ. პრემიერის ინიციატივა პოლიტიკური კრიზისის შემქმნელია და ის, რომ ძლიერი ვარ და მოდი, არჩევნები ჩავატაროთ, იმიტომ, რომ მოწინააღმდეგემ ნაკლები ხმები მიიღოს - ეს დაუშვებელია.
ანუ, არჩევნებზე იმიტომ არ წახვალთ, რომ დამარცხდებით?
-არამარტო. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ქვეყანამ რაც შეიძლება ნაკლები რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაატაროს. ეს უკიდურესი გამოწვევებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს და ყოველ სამ-ოთხ თვეში რიგგარეშე არჩევნებს არ უნდა მივეჩვიოთ. ამ შემთხვევაში, ცუდი პრეცედენტი დამკვიდრდება. პრემიერი აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდოდა. შესაბამისად, ნებისმიერ გამარჯვებულ ძალას შეუძლია კრიზისი იმის გამო შექმნას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
ამ ეტაპზე, კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, მაგრამ ვინაიდან, უმცირესობის რღვევა მიმდინარეობს და თქვენი რიგები უკვე 9 დეპუტატმა დატოვა, საჭიროებისამებრ, სავარაუდოდ უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობაც ეყოლება. . .
-ამ წუთში პრობლემის წინაშე დგანან, მაგრამ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს თავისი შემადგენლობაც არ მოსწონს. პრემიერმა თავისი გუნდი ერთი პრინციპით გააერთიანა - ყველანი ვართ ერთად, ვინც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ვართ. მას „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადალახული ჰგონია და უკვე თავის გუნდს შეფასებებს უკეთებს. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი რიგგარეშე არჩევნებზე თავისი გუნდის გადახალისების გამოც ფიქრობდეს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა და უმრავლესობის წევრებმა იფიქრონ, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, მოხვდებიან თუ არა პარლამენტში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პოლიტიკური კრიზისი თავიდან იქნეს აცილებული. პოლიტიკური კრიზისის შექმნა მხოლოდ უმრავლესობას შეუძლია.
თუმცა, თქვენი გუნდი პოლიტიკური კრიზისის შექმნას არ ცდილობს?
-ერთია, პრეზიდენტის განცხადებები და მეორეა, პოლიტიკური კრიზისის შექმნით „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტი არიან თუ არა დაინტერესებულნი. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ და გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი პოლიტიკური კრიზისის შექმნა არ არის. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური კრიზისის შექმნით არის თუ არა დაინტერესებული, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს მხოლოდ პრემიერმა იცის.