საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ თუ ანზორ ბოლქვაძე და ნაული ჯანაშია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს დატოვებენ, მისი ფრაქცია - „მაჟორიტარები“ მაინც არ დაიშლება.
ცოტა ხნის წინ, ბობოხიძის ფრაქცია იაშა შერვაშიძემ დატოვა და from.ge-ს ინფორმაციით, უმცირესობის დატოვებას - ბოლქვაძეც აპირებს. შესაბამისად, თუ ბოლქვაძე უმცირესობასა და ბობოხიძის ფრაქციას დატოვებს, ბობოხიძის ფრაქციას დაშლა ემუქრება, რადგან რეგლამენტით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი კვოტაა საჭირო, ბობოხიძეს კი, ფრაქციაში ხუთი კვოტა რჩება.
ბობოხიძის განცხადებით, უმცირესობას სამი ფრაქცია ჰყავს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციები მხოლოდ ტექნიკური კუთხით სჭირდება. კერძოდ, უმცირესობას გამოსვლებისთვის მეტი საპარლამენტო დრო ექნება.
„უმრავლესობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები არსებობენ და ფრაქციებიც ამის მიხედვით არის შექმნილი, ხოლო ჩვენი ფრაქციები ტექნიკური თვალსაზრისით არის ჩამოყალიბებული. ჩვენი რიგებიდან თუ რომელიმე დეპუტატი წავა, მაშინ, ჩემს ფრაქციაში ე.წ. დიდი ფრქციებიდან გადმოვლენ და ფრაქციაც არ დაიშლება. ეს ჩვენთვის არის უფრო მეტი საპარლამენტო დრო და საპარლამენტო ბერკეტი“, - აცხადებს ბობოხიძე.
რაც შეეხება იმას, მისი ფრაქცია იაშა შერვაშიძემ თუ რატომ დატოვა, ბობოხიძე ამბობს, რომ ამაზე თავად შერვაშიძემ უნდა ისაუბროს.
„ალბათ, ამ საკითხზე, რაიმეს თავად იაშა იტყვის ან არ იტყვის, მაგრამ ეს იმათ ნამუსზე იყოს, ვინც ოჯახურ პრობლემებს ქმნის, რომ გარკვეულ პოლიტიკურ შედეგებს მიაღწიოს“, - აცხადებს დეპუტატი.
აკაკი ბობოხიძის ფრაქციის გარდა, უმცირესობას კიდევ ორი დიდი ფრაქცია ჰყავს - გოკა გაბაშვილის ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობა“ და ტარიელ ლონდარიძის „რეგიონები“.
რაც შეეხება უმცირესობის რიგების რღვევას, „ნაციონალური მოძრაობა“ 21 ოქტომბრიდან, ანუ საშემოდგომო სესიის გახსნიდან დღემდე ცხრა დეპუტატმა დატოვა, რომელთაგან ექვსმა კანონმდებელმა - კახა ოქრიაშვილმა, გოდერძი ბუკიამ, ენზელ მკოიანმა, გოგი ლიპარტელიანმა, სერგო ხაბულიანმა და გიორგი გოზალიშვილმა ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ შექმნეს, რევაზ შავლოხაშვილის საშუალებით კი, „კონსერვატორება“ ფრაქცია შექმნეს. ამ დროისთვის დამოუკიდებელ დეპუტატებად ითვლებიან - გოჩა ენუქიძე და იაშა შერვაშიძე, რომელთაც უმცირესობა გასული ერთი კვირის წინ დატოვეს. თუმცა, from.ge-ს ინფორმაციით, ენუქიძე ფრაქციის შექმნას ცდილობს და ის უმცირესობის სხვა წევრებთან მართავს კონსულტაციებს, რომელთა შორისაც ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ფეიქრიშვილი და ნაულ ჯანაშია მოიაზრებიან.
უნდა ითქვას, რომ უმცირესობის რღვევით, უმრავლესობა სარგებლობს და ამის პრეცედენტი გუშინდელი დღეა, რადგან კოალიციამ პრეზიდენტის ვეტო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე სწორედ უმცირესობიდან გამოსული დეპუტატების საშუალებით მოახერხა. კერძოდ, უმრავლესობას ამ დროისთვის 83 დეპუტატი ჰყავს, აღნიშნული პირებით კი მათ 91 ხმის მობილიზაციის საშუალება აქვს.