2012 წელი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის მეტად დატვირთული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორი იყო განვლილი წელი საქართველოს ეკონომიკისთვის, რა იყო მნიშვნელოვანი პოზიტიური და ნეგატიური მოვლენებიდა რას უნდა ველოდოთ ახალ 2013 წელს? From.ge ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძეს ესუაბრა .
როგორ შეაფასებთ განვლილ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის?
-განვლილ 2012 წელს საქართველოში მთავარი მოვლენა გახლდათ ხელისუფლების ცვლილება, რომელიც შეეხო როგორც პოლიტიკას, ასევე ეკონომიკას და ბევრ სხვა სფეროსაც. განვლილი წლის პოზიტივად, არჩევნების შემდგომ, მივიჩნევდი ბიზნესის გათავისუფლებას პოლიტიკური კონიუქტურისგან , რომელიც რეალურად არსებობდა და იმედი მაქვს ეს თავისუფლება 2013 წელსაც გაგრძელდება. მნიშვნელოვნად მივიჩნევდი ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნის თემატიკას, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ 2013 წელში სრულად ვიქნებით ამ ბაზარზე წარმოდგენილი, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის და სოფლის მეურნეობის პოტენციალისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მნიშვნელოვნად მივიჩნევდი ბიუჯეტის გადამუშავებას და ორიენტირებას მიზნობრივ პროგრამებზე, კერძოდ ბიუჯეტში არ არის მილიარდიანი სხვა ხარჯი, ის უფრო ორინეტირებულია სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ასევე შემცირებულია ბიუროკრატიული ხარჯები.
მნიშვნელოვანია ტარიფების ის შემცირება, რაც ახალი წლისთვის მოესწრო და რომელიც მოსახლეობისთვის შედარებით ოპტიმალურია, თუმცა ვთვლი, რომ იგივე ბიზნესისთვისაც უნდა განხორციელდეს და იმედი მაქვს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო და სახელმწიფოც ამ საკითხზე იფიქრებს. პოზიტიურია ის, რომ ექსპორტ-იმპორტის ტემპი მთელი წლის მანძილზე დინამიური გახლდათ, ბოლო მონაცემებით ის დაახლოებით 20% -იანია, როგორც ექსპორტის, ასვეე იმპორტის მიმართულებით, პოზიტივად მივიჩნევდი ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს მთელი წლის მანძილზე, რომელიც ნულოვან დონზე იყო და აგრეთვე ეროვნული ვალუტის სტაბილურ კურსს. აქ არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო ფაქტორებსაც ჰქონდა ზეგავლენა, რადგან მთელი წლის განმავლობაში ფასები საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილური გახლდათ.
რაც შეეხებათ საბანკო სექტორს, მათ მარტო მოგების მაჩვენებელი შეუმცირდათ, დანარჩენ კომპონენტებში -დეპოზიტებში, კრედიტებში და აქტივებში ზრდა აქვთ, თუმცა, მათი მოგების მაჩვენებლის შემცირებას ისევ მათვე დავაბრალებდი, რადგან გასული წლების განმავლობაში ისინი კლიენტებზე არ ყოფილან ორიენტირებულნი , უფრო მკაცრნი იყვნენ მათთან მიმართებაში.
რა შეიძლება ჩაითვალოს ნეგატიურ მოვლენად?
ნეგატივში შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური არჩევნების გავლენა მთლიანად ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციების მოცულობაზე, ბუნებრივია, ნებისმიერი არჩევნები ამ კომპონენტებზე გავლენას ახდენს, მცირედ ეკონომიკური ზრდის ტემპი და ინვესტიციები, გასათვალისწინებულია მოლოდინის რეჟიმი, რომელიც 2 -3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ქვეყანაში და არ იყო კარგი ბიზნეს აქტივობისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო , რომ პოზიციტივში შეიძლება შევიტანოთ ის, რომ არჩევნები მშვიდობიანად დამთავრდა და არ მოჰყვა მას რაიმე სხვა პროცესების გაგრძელება, ეს ორივე პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რადგან მათ ერთმანეთში საერთო ენის გამონახვა შეძლეს.
ნეგატივს შეიძლება მივაკუთვნოთ ის, რომ უმუშევრობის მაღალი პროცენტი კვლავ რჩება ქვეყნის პრობლემად, ის განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში , აგრეთვე სიღარიბის მაჩვენებლები, რომლებიც უმუშევრობის პრობლემასთან არის მიბმული. 2013 წელი გამოწვევა იქნება ახალი ხელისუფლებსითვის , რათა მან ამ მნიშვნელოვანი პრობლემების დაძლევა შეძლოს.
თქვენ ყოველთვის საუბრობდით, რომ როდესაც ბიზნესი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდება, წვრილ და საშუალო ბიზნესსაც მიეცემა მუშაობის საშუალება. შეძლებს პოლიტიკური ბიზნესისგან გათავისუფლებული ბიზნესი ბაზრის გაჯერებას?
-ამის შესაძლებლობას ნამდვილად ვხედავ და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს-მსხვილი ბიზნესი პოლიტიკური კონიუქტურისგან თავისუფალია და ამიტომ ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, სახელმწიფო ქმნის რამდენიმე საინვესტიციო ფონდს , რომელმაც სწორედ წვრილი და საშუალო ბიზნესი უნდა წაახალისოს და მესამე მიზეზი ეს გახლავთ რუსული ბაზრის გახსნა, რომელსაც შეიძლება ადგილობრივი გადამამუშავებელი და სოფლის მეურნეობის საწარმოების გაზრდა მოჰყვეს. ამ კომპონენტების გათვალისწინებით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, საშუალო ბიზნესი უფრო აქტიური გახდება. მე უბრალოდ ერთ რამეს ვისურვებდი, რომ ხელისუფლება არ გაერთოს ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობების შემოტანაში და მის გაძლიერებაში, ამის ნიშნები არსებობს, მთავარია პოლიტიკური კონიუქტურიდან ბიზნესი თავისუფალი დარჩეს. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ბიზნესი 2013 წელს უფრო აქტიური იქნება, ვიდრე 2012 -ში.
რაც შეეხება ინვესტიციებს, მოხდება თქვენი პროგნოზით, 2013 წელს ინვესტიციების შემოდინების გაზრდა საქართველოში?
-ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაში, 2013 წელს 2 მილიარდიანი პროგნოზი გააჩნია და ვფიქრობ, ეს შესრულებადია . თუ ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალიზაციის კუთხით მიღწევები შენარჩუნებული იქნება, არ გართულდება რეგულაციები და იქნება პოლიტიკურად სტაბილური გარემო, 1 მილიარდიანი ფონდი, რომელიც სოფლის მეურნეობაში უნდა ჩაიდოს და 1 მილიარდიანი ინვესტიციები, რომელიც ისედაც შემოდის საქართველოში, ეს ჯამში 2 მილიარდს გვაძლევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მთავრობის კომერციულ პოლიტიკაზე, რამდენად შეძლებს ის ამის შენარჩუნებას.