სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს 6 პოლიტპატიმარი დატოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, გუშინ და დღეს 84 მსჯავრდებული გათავისუფლდა.
„გუშინ და დღეს გაიმართა ადგილობრივი საბჭოების სხდომა და მათი გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული. ჩვენ ამ საკითხების განხილვას ფრთხილად ვეკიდებით, ვაფასებთ თითოეულ პატიმარს, თუ რამდენად არსებობს რისკი განმეორებითი დანაშაულის ჩადენის, ასევე ვაფასებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დახასიათებას და ა.შ. ციხეებს 84 მსჯავდებული დატოვებს, მათ შორის, იქნება 5 პოლიტპატიმარი – დიმიტრი ჭეიშვილი, ცოტნე ანანიძე, ხვიჩა გამარჯობაძე, ანზორ სოლომანაძე. ისინი არიან პოლიტიპატიმრები, რომლებიც ბათუმში 26 მაისის ცნობილი მოვლენების დროს იქნენ დაკავებულები. ასევე ამ გათავისუფლებულ ადამიანებს შორისაა, მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც პარლამენტის მიერ ასევე პოლიტპატიმარად არის აღიარებული" - განაცხადა გიგა გიორგაძემ.