მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით ზურაბ ადეიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად. ზურაბ ადიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება. რაც გამოიხატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
მანვე ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, რაც გამოიხატა პატიმრების დამცირების, იძულების, მათი არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებულის მიმართ და შეკვეთით.
მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.
2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზურაბ ადეიშვილმა შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა, გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დანიშნული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ. ვინაიდან, ხსენებული ვიდეომასალის გამოქვეყნება მაკომპომატირებელი იქნებოდა არსებული ხელისუფლებისთვის, ზურაბ ადეიშვილმა 2012 წლის 17 სექტემბერს, ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, თავისივე კაბინეტში დაიბარა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა, სადაც ამ უკანასკნელს დაავალა, ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც საზოგადოებას წინასწარ დაარწმუნებდა იმაში, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ მოპოვებული კადრები, რომლებიც უნდა გავრცელებულიყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, არ შეეფერებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სინამდვილეს, არამედ შეიქმნა კოალიცია "ქართული ოცნების" დავალებით და გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. კერძოდ, მან დ. ჭაკუას დაავალა, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლებს უნდა მოეწყოთ ამავე დაწესებულებაში წინასწარ შერჩეული პატიმრების დამცირება, წამება, ცემა და სიტყვიერი შერაცხყოფა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი სატელევიზიო ეთერის საშუალებით უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. ამავდროულად, გეგმის მიხედვით, პატიმართა ცემა-წამებაში მონაწილე პირების მიმართ განხორციელდებოდა სისხლისამართლებრივი დევნა, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდენიბათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმართა ცემისა და შეურაცხყოფის შემთხვევა, რომლის შესრულება და გადაღება პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ, არსებული ხელისუფლების იმიჯისათვის ზიანის მიყენების მიზანით დაგეგმეს.
ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, დავით ჭაკუამ საკუთარ კაბინეტში მოუხმო თავის მოადგილეს გაგა მკურნალიძეს, N8 დაწესებულების დირექტორს დავით ხუჭუას და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ლევან ფურცხვანიძეს. დ. ჭაკუამ გააცნო მათ ზურაბ ადეიშვილისაგან მიღებული დავალება და ლევან ფურცხვანიძე დაიყოლია, რომ N8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში ეცემათ, დაემცირებინათ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ პატიმრებისათვის, რასაც ლევან ფურცხვანიძე ფარული ვიდეოკამერით გადაიღებდა. მეტი დამაჯერობლობისათვის, დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ საპყრობილის თანამშრომლებს "ბასტის", იგივე ბორის ფარულავას და "ბუბუს", იგივე ლევან ფხალაძეს, ისე, რომ ამ უკანასკნელებს არაფერი სცოდნოდათ მათი ქმედების ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით. ლ. ფურცხვანიძეს, ბ. ფარულავას და ლ. ფხალაძეს წინასწარ შერჩეულ საკანში უნდა ჩაეტარებინათ შემოწმება, გაეშიშვლებინათ პატიმრები, მუხლებზე დაეჩოქებინათ და მიეყენებინათ მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დავალების მიხედვით, ლევან ფურცხვანიძეს შეურაცხყოფის დროს უნდა წარმოეთქვა პატიმრების პატივისა და ღირსების შემლახავი უკიდურესად დამამცირებელი სიტყვები, რადგანაც ეს იყო სწორედ ის სიტყვები, რაც ვლადიმერ ბედუკაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე უნდა ყოფილიყო ასახული. ამის შემდეგ, ლევან ფურცხვანიძეს საჯაროდ უნდა ეღიარებინა, რომ ,,ქართული ოცნების" წარმოამდგენლებმა ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, შეუკვეთეს, ციხეში პატიმრების წამება, რაც შეასრულა კიდეც და კადრები გადასცა ვლადიმერ ბედუკაძეს. ამისთვის, ლ. ფურცხვანიძეს მხოლოდ სამი თვით დააპატიმრებდნენ, რაც ასევე შეთანხმებული იყო ზურაბ ადეიშვილთან.
2012 წლის 18 სექტემბერს, დილით, დაახლოებით 05:00 საათზე, ლევან ფურცხვანიძე, ბორის ფარულავასა და ლევან ფხალაძესთან ერთად შევიდა #8 დაწესებულების 37-ე საკანში, სადაც მოთავსებული იყვნენ ამ მიზნით წინასწარ შერჩეული პატიმრები. ლევან ფურცხვანიძის ბრძანებით, ბორის ფარულავამ და ლევან ფხალაძემ გააშიშვლეს პატიმრები, დააჩოქეს მუხლებზე და დაუწყეს ცემა და შეურაცხყოფა. ლევან ფურცხვანიძე ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას აღნიშნულ პატიმრებს და გამოთქვამდა იმ სიტყვებს, რაც მას წინასწარ დაავალეს.
გეგმის მიხედვით, იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მეშვეობით, ლევან ფურცხვანიძემ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა ხდებოდა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეკვეთით. ამავდროულად, საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, დ. ხუჭუა თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა #8 დაწესებულებაში, სადაც მან მისი მოადგილის ალ. ჯანჯღავას მეშვეობით, მისივე ცარიელი სეიფი განათავსა ლ. ფურცხვანიძის სამუშაო ოთახში. ასევე, დავით ჭაკუას განკარგულებით, დ. ხუჭუამ ყოველგვარი შემოწმების გარეშე საპყრობილეში შეუშვა ამჟამად გამოძიებით დაუდგენელი ვინაობის მამაკაცი, რომელმაც ლ. ფურცხვანიძის სამუშაო ოთახში შეიტანა და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსა: მაისური, რომელზეც მიმაგრებული იყო ვიდეოკამერა და რომელიც წინა ღამით ეცვა ლ. ფურცხვანიძეს, აშშ დოლარის კუპიურების შეკვრა და ლაზერული დისკი.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან #8 დაწესებულებაში დაბრუნებული ლევან ფურცხვანიძე დააკავეს. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას მათ მიერ წინასწარ განთავსებული სეიფიდან ამოიღეს მტკიცებულებათა ფალსიფიცირების მიზნით ასევე მათ მიერ წინასწარ შენახული: უცხოური ვალუტა, 14 100 (თოთხმეტი ათას ასი) აშშ დოლარი, მაისური, მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი.
აღნიშნულით, ზურაბ ადეიშვილმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" "ბ" ,,დ" ,,ე" ,,ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-145-ე მუხლით და დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.