საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო კენჭისყრა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება.
აღნიშნულის შესახებ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, საღამოს გაკეთებულ საგანგებო ტელემიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, მან ვეტო დაატო ამნისტიის კანონპროექტს, რადგან სურდა, ქვეყნისთვის ყველაზე უარყოფითი ასპექტები აეცილებინა, თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო გადალახა და სრული მასშტაბის ამნისტიის კანონი ძალაში შეიყვანა.
„მე გადავწყვიტე მოგმართოთ დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. ყველაზე უარყოფითი ასპექტები, გარდა ყველა კატეგორიის შეწყალებისა, ეხებოდა პედოფილების, რუსეთის ჯაშუშებისა და სახელმწიფო, სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე მეამბოხეების გარეთ გაშვებას. პარლამენტმა გადალახა ვეტო და სრული პასუხისმგებლობა აიღო ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივ, საშიშ აქტზე, რომელიც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ჩვენი საზოგადოების მიმართ ხორციელდება. მე ნამდვილად არ მინდა თქვენი შეშინება, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნარკორეალიზატორები დიდი რაოდენობით გადიან გარეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ნარკომანია შევამცირეთ, ეს ყველაფერი გადაგვეყრება წყალში. მე არ მინდა თქვენი შეშინება, მაგრამ იმ პირობებში, როცა ამდენი ყაჩაღი და ხულიგანი, ზოგს მოეხსნა პრობაციონერობა, ათი ათასზე მეტს თუ არ ვცდები და დანარჩენები გამოდიან გარეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ხულიგნები, მძარცველები და ყაჩაღები, ჯიბის თუ სხვა ქურდები ბევრად უფრო თამამად დაესხმებიან ჩვენს შვილებს ქუჩებში. ბევრად მეტი იქნება წვრილმანი დანაშაული, ბევრად მეტი ბინა გატყდება საქართველოში, ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ და აღიარებული იყო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, საქართველო მართლაც ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა და ეს ყველაფერი ამ გადაწყვეტილებით დიდი საფრთხისა და დატყმის წინაშე დგება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარლამენტმა გაუშვა რუსეთის ყველა ჯაშუში გარეთ და რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხო საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
„საქართველოს ოკუპანტის ჯაშუშების გარეთ გაშვება არა მხოლოდ წარმოუდგენელი უკანონობაა და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, არამედ წაახალისებს ნებისმიერ სხვას, ვინც მომავალში მზად არის იგივე ქმედება განახორციელოს საკუთარი ქვეყნის წინაშე და ჩაიდინოს საკუთარი ქვეყნის ღალატი. არც ერთი თავისი თავის პატივისმცემელი ქვეყანა, მით უმეტეს ნაწილობრივ ოკუპირებული, ასეთ ნაბიჯებს ასე ხელაღებით არასდროს დგამს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მაგალითად შევარდნაძის თავდამსხმელები, ტერორისტები მთელი ამ წლების განმავლობაში არ შევიწყალე. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ პრეზიდენტს დაესხა თავს. ადამიანი, როცა დგება ტერორიზმის, ჯაშუშობისა და სამხედრო ამბოხის გზაზე, ის არის არა რომელიმე მთავრობის წევრის, არამედ არის თავისი ქვეყნის მომავლის, უსაფრთხოების, ჩვენი შვილებისა და შვილთაშვილების მტერი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი“, - მიაჩნია პრეზიდენტს.
სააკაშვილის შეფასებით, პარლამენტმა შექმნა პრეცედენტი, რომ „შეგიძლია შენს ქვეყანას უღალატო, შეგიძლია ამბოხი მოაწყო შენი ქვეყნის ინსტიტუტების წინააღმდეგ და შეიძლება შენ ეს გეპატიოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში მთავრობა შეიცვალა. ეს არის ძალიან საშიში რამ“, - დასძინა მან.
საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონს პლენარულ სხდომაზე კენჭი კანონის პრეზიდენტისეული ვარიანტის ჩაგდების შემდეგ უყარეს. ვეტოს დაძლევას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 24 წევრი წავიდა.