პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 33 მომხრე ხმით 83-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მიერ შენიშვნებითურთ დაბრუნებული პროექტი დააყენეს და ჩავარდა, შემდეგ კი, კენჭი უმრავლესობის პროექტს უყარეს და 91 მომხრე ხმით, 24-ის წინააღმდეგ კანონპროექტი დამტკიცდა.
პროექტის დამტკიცებას დარბაზში ტაში მოჰყვა.
როგორც კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განმარტა, გადაწყვეტილების მიუხედავად, კანონი ძალაში შესული ჯერ კიდევ არაა.
"დღეს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე ისევ უნდა მიეწოდოს პრეზიდენტს და მან კანონზე ხელი 7 დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. თუ ის გადაწყვეტს, რომ კვლავ არ მოაწეროს მას ხელს, მაშინ ამას უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს. სწორედ იმ მომენტიდან იქნება კანონი მზად, რომ გამოქვეყნდეს და მას შემდეგ შეიძენს იურიდიულ ძალას", - განაცხადა უსუფაშვილმა და აქვე განმარტა, რომ თუ პრეზიდენტი უარს იტყვის, ის კანონს ხელს აუცილებლად მოაწერს.
"ამნისტიის შესახებ კანონის" მიღებით პარლამენტმა რიგგარეშე სესია დაასრულა.