სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან არანაირ კონტაქტზე არ წავა, სანამ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ოსი ხალხის გენოციდს არ აღიარებს.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს, რომელზედაც უკვე რამდენიმე წელიწადია, ჟენევის დისკუსიის ფორმატში ვმუშაობთ. თუმცა, საქართველოს როგორც ძველი, ისე ახალი მთავრობა ამ საკითხს გაურბის“,-აღნიშნა თიბილოვმა მასმედიის და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ცხინვალში.
ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, საქართველომ სამხრეთ ოსეთს 20 წლის განმავლობაში მიყენებული მატერიალური ზარალიც უნდა აუნაზღაუროს.
„თავის დროზე შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ჩვენ მიყნებეული ზარალის ოდენობა გამოვითავლეთ, რომელმაც 1992 წლის მონაცემებით 32 მილიარდი რუბლი შეადგინა. სანამ ყველა ეს პირობა დაცული არ იქნება, საქართველოსთან არანაირ ურთიერთობაზე საუბარი არ იქნება“,-აღნიშნა თიბილოვმა.