პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ მიმართულია პიარ-აქცია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების თემა გადაიფაროს.
როგორც შემაჯამებელ ბრიფინგზე უსუფაშვილმა განაცხადა, უმცირესობისთვის პოლიტპატიმრების თემა ძალიან მძიმე საკითხია, რადგან თურმე დემოკრატიულ საქართველოში პოლიტპატიმრები ყოფილან.
„სააკაშვილის მოტივაციის კარგად მესმის, მაგრამ ჩვენ მოტივაცია და არგუმენტაცია გვაქვს - თუ რატომ უნდა იყვნენ ეს ხალხი ამინისტრირებულნი. პრეზიდენტი ვეტოს მხოლოდ პოლიტპატიმრების მუხლს ვერ დაადებდა და სხვა უკადრებელი თემები შემოვიდა - პედოფილებს უშვებენ და ა.შ. ეს არის პირდაპირ მიმართული პიარ აქცია, რომ ის თემა გადაიფაროს, რომ პოლიტპატიმრები არსებობენ. 13 დეკემბერს, განხორციელებული შეწყალების აქტით, პრეზიდენტმა მოქალაქე გ.ჩ შეიწყალა და გამოუშვა, რომელიც 141-ე მუხლით იყო მსჯავრდებული. თუ ასეთი ადამიანი პარლამენტმა შეიწყალა, ეს საგანგაშოა და თუ პრეზიდენტმა შეიწყალა ნორმალური პროცესია? ამას გარდა, ნარკო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამნისტია ვისაც ეხება ამბობენ, რომ ისინი სინამდვილეში გამსაღებლები არიან და არა მომხმარებლებიო. თუ ეს ადამიანები გამსაღებლები არიან, ციხეში, როგორც მომხმარებლები რატომ სხედან? რატომ არ მიიყვანეს სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე ბოლომდე? ახალმა ხელისუფლებამ ეს ამბავი, საიდან ვარკვიოთ - ვინ მომხმარებელია და ვინ გამსაღებელი? ასევე შეწყალების აქტით, მოქალაქე მ.ნ, რომელიც გასაღებისთვის დაპატიმრებული იყო, პრეზიდენტმა შეიწყალა და არაუშავდა? ასევე მოქალაქე - შ.ნ-ს გასაღებისთვის პატიმრობა 2023 წლამდე ჰქონდა, მაგრამ პრეზიდენტმა შეიწყალა და არც ეს არაფერია?“, - დასძინა სპიკერმა.