უკანონო ფორმირების შექმნის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი 9 იანვარს გაგრძელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული დღევანდელი პროცესზე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატმა პრეტენზია გამოთქვა, რომ ბრალდების მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე დრო გაწერილი იყო 15:00 საათამდე, თუმცა ბრლადებამ არ წარმოადგინა ყველა მოწმე და სამუშაო დრო არ იყო სრულად ათვისებული, რაც საქმის განხილვის შეგნებული გაჭიანურებაა. ამის შემდეგ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაცხადა, რომ 9 იანვარს პროცესი 10:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. ბრალდების მხარეს დაევალა, რომ მინიმუმ სამი მოწმე წარმოადგინოს პროცესზე.
რაც შეეძლება დღევანდელ პროცესს, დღეს ბრალდების მხარემ შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს ორი თანამშრომელი დაკითხა, რომლებიც იმ იარაღის ამოღებაში მონაწილეობდნენ, რომლის დაფლასაც ირაკლი ოქრუაშვილითან ერთად ბრალდებულებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან აბრალებენ. როგორც პროცესის შემდეგ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. კერძოდ, ერთი მოწმე ამბობს, რომ იარაღის ამოთხრის პროცესში სამი პირი მონაწილეობდა, მეორე კი, ოთხ პირს ასახელებს.
მისი თქმით, კიდევ ერთი ცდომილება, რომელიც მოწმეების ჩვენების საფუძველზე გამოიკვეთა, ეხება იარაღის ამოღების შემდეგ მის მდგომარეობას. კერძოდ, მოწმეები ამბობენ, რომ იარაღი მიწიდან ამოთხრის შემდეგ სველ ბალახზე გაშალეს. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა კი აცხადებს რომ იარაღი მშრალი და სუფთა იყო.
სასამართლო პროცესს ირაკლი ოქრუაშვილი და მასთან ერთად ბრალდებული 6 პირი ესწრებოდნენ. რაც შეეხება საქმეში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს, მასზე ძებნაა გამოცხადებული. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედება შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მეთაურობა, მასთან ერთად ბრალდებულებს კი ამ ფორმირებაში მონაწილეობა.