დღის მეორე ნახევარში, რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებულ „ამნისტიის შესახებ“ პროექტზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უუსფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის შესვენებაზე ბიუროს სხდომა გაიმართება, ვეტოს დაძლევის საკითხი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შევა და საკითხი კენჭისყრაზე დღის მეორე ნახევარში დადგება.
რაც შეეხება ვეტოს დაძლევის შანსს, უმრავლესობას ვეტოს გადაძლევის პერსპექტივა გააჩნია. თუმცა, მათ ამ საქმეში ე.წ. დამოუკიდებელ მაჟორიტართა ფრაქციის დახმარება სჭირდება. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივი თუ ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამმი მეხუთედი დაუჭერს. მოცემული მომენტისთვის კი, პარლამენტის სიითი შემადგენლობა 147 დეპუტატით განისაზღვრება (ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის მაჟორიტარული მანდატები მომავალ შუალედურ არჩევნებამდე ვაკანტურია). აქედან 83 პარლამენტარი უმრავლესობის წევრია. ამასთან, პარლამეტში მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული „უპარტიო, დამოუკიდებელ მაჟორიტართა“ ექვსკაციანი ფრაქცია და ორი დამოუკიდებელი მაჟორიტარი არსებობს. შესაბამისად, მათი მხარდაჭერისა და კენჭისყრაზე უმრავლესობის უკლებლივ ყველა წარმომადგენლის მობილიზების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ 91 ხმა ექნება, პრეზიდენტის ვეტოს დასძლევისთვის კი, 89 კანონმდებლის ხმა იქნება საჭირო.