პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, უწყება პრეზიდენტს სთავაზობს, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდეს და მიხეილ სააკაშვილმა მის კომპეტენციაში ის დაიტოვოს, რაც სჭირდება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უსუფაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, იყო დიდი ვნებათაღელვა და პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზადაა, ძველი „ოპელით“ იაროს და არ სჭირდება დაცვა.
„სამწუხაროდ, ესეც პირველი ნაბიჯი იყო, რომ გარესამყაროში თუ მოსახლეობაში სენტიმენტები გამოეწვია, რომ ის იჩაგრება და ა.შ. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მუშაობა მიმდინარეობს. პრეზიდენტს ვეუბნებით, რომ დაიტოვოს, რაც სჭირდება დასაცავად. ამ კანონპროექტში სათანადო ცვლილებები შევა. ჩვენ ვეუბნებით, ეს საკითხები დაიტოვე. ჩვენი კომპეტენციების განსახორციელებლად ზედმეტი და ჭარბი უფლებამოსილება არ გვჭირდება. არის კიდევ სხვა საკითხები, რომელზე საუბრისგან ჯერ თავს შევიკავებ, მაგრამ ეს კონსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად, არის ერთიანი კონტექსტი, რომლითაც ჩვენ ვიღებთ პასუხიმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ხელისუფლების ამოცანაა, პირველ რიგში, კრიზისების თავიდან აცილება“, - დასძინა სპიკერმა.