ჩვენ გადავწყვიტეთ უფსკრულში გადაჩეხვის პროცესი შევაჩეროთ, პოლიტიკური კრიზისი არ დავუშვათ და საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნა მხოლოდ პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ექნება.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა.
„ეს არის კოალიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებას. ამის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი შევა დღეს პარლამენტში, რომლის ინიციატორიც საპარლამენტო უმრავლესობაა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული პროექტის მიზნები და ამოცანები საკმაოდ ვრცლად განმარტა. მან ბრძანა, რომ კოალიცია არასოდეს ყოფილა დაინტერესებული პოლიტიკური რევანშით, მაგრამ ვერც იმას დავუშვებდით, რომ დაგვეხუჭა თვალი ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ არ და ვერ გავიზიარებდით რჩევებს, რომ არჩევნების შემდგომ გვეთქვა, რომ დავივიწყებდით ყველაფერს. ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდა იმას, რომ ბევრი რამ აშკარა გამხდარიყო ქართული და მსოფლიო საზოგადოებისთვის, ამიტომ ვთვლით, რომ ეს ეტაპი დასრულდა და რეჟიმი და სისტემა სრულად არის გამომზეურებული. ამ ყველაფერმა საკონსტიტუციო ცვლილებებში მოიყარა თავი. ეს შეეხება კონსტიტუციის იმ მუხლს, რომლის მეშვეობითაც პრეზიდენტს აქვს უფლება ნებისმიერ მომენტში უაპელაციოდ და უმიზეზოდ დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და შემდგომ თუ პარლამენტმა მის მიერ შემოთავაზებული მთავრობა სამჯერ არ დაამტკიცა, მაშინ თავად დანიშნოს მისი მთავრობა და მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება დაიბრუნოს უკან. ერთ კაცს - პრეზიდენტს კონსტიტუციურად ეძლევა უფლება იგნორი გაუკეთოს მოსახლეობის ნებას, რომელიც მან არჩევნებზე დააფიქსირა. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა „ნაციონალური მოძრაობა“ უფსკრულში გადაჩეხვას გადაარჩინოს“, - დასძინა სპიკერმა.
უსუფაშვილის განცხადებით, თუ უმცირესობას საკუთარი თავის გამოცდა სურს, მაშინ პარლამენტი დათმობაზე მიდის და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ სურს მთავრობაში, რაც კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებაცაა, რომ ხალხი მართავს პროცესებს.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არ სურს, უფსკრულის პირას მისული მთავრობა და პრეზიდენტი გადაჩეხოს. რეალურ ცხოვრებაში თუ ამ ცდუნებას პრეზიდენტი ვერ გაუძლებდა და ამ ნაბიჯს გადადგამდა, ამას ქართველი ხალხის მხრიდან, გარკვეული პროცესები მოყვებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ უფსკრულში გადაჩეხვის პროცესი შევაჩეროთ და პოლიტიკური კრიზისი არ დავუშვათ. აქ არის გამოსავალი ორი ინიციატივა, რომელიც დღეს იქნება ინიცირებული. სულ იყო ეს საკითხი, ხომ არ ჯობია ოქტომბერში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ძალაში შევა ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, ხომ არ აგვემოქმედებინა უფრო ადრე, მაგრამ აქ გამოჩნდა ასეთი ვითარება, რომ თითქოს ახლადმოსული ხელისუფლება არ კმაყოფილდებოდა თავისი უფლებამოსილებით და ჩვენ გვინდოდა წაგვერთმია ყველა უფლება პრეზიდენტისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ გადაწყვეტილებას და მისი ვადების ამოწურვამდე ყველა კომპეტენცია ხელუხლებელი დავუტოვოთ გარდა ერთისა, მან შეცვალოს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ნების გარეშე. ერთადერთ ამ უფლებამოსილებას ართმევს პრეზიდენტს ჩვენს მიერ შეტანილი ცვლილება. ამის პარალელურად ვამბობთ, რომ მთავრობის დათხოვნის 6-თვიანი შეზღუდვა შეიცვალოს“, - აცხადებს სპიკერი.
უსუფაშვილის განცხადებით, უმრავლესობა იმუნიტეტს - თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მაინც ხდება რაიმე ისეთი, რომ მთავრობა შესაცვლელია, ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ჩატარებისა და პარლამენტის დათხოვნის გზით.