მომავალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 14 სპეციალობაზე სწავლის სრულ ოთხწლიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების დაფინანსება შესაძლებელი გახდა სამინისტროს ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდის შემდეგ.
მომავალი წლიდან უფასოდ სწავლას შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც, გამოცდების გავლის შედეგად, შემდეგ სპეციალობებზე ჩააბარებენ: აგრარული მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობა – აგრონომია; განათლების მიმართულება – განათლების მეცნიერებები; ინჟინერიის მიმართულება, სპეციალობები – ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია და მშენებლობა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობები – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; სოციალური მეცნიერებების მიმართულება – ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება – არქელოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია და ფილოსოფია, ასევე უფასო იქნება სწავლა არქიტექტურის სპეციალობაზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დაფინანსება შეეხება იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა სტუდენტებს, სადაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები ხორციელდება და ჯერჯერობით საუბარია 7 ასეთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაზე, თუმცა, მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც და იმ შემთხვევაში თუ კიდევ მოხდება სხვა უნივერსიტეტების დამატება, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება სამინისტროს მხრიდან გაკეთდება.