პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ, პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია, ვინაიდან ამჟამად, „ნაციონალურ მოძრაობას“ არათუ არჩევნებში გამარჯვების, არამედ დღევანდელი პოზიციების შენარჩუნების შანსიც კი, არ გააჩნია.
ცინცაძის განცხადებით, პრემიერის ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება, მისი არჩევიდან 6 თვის ნაცვლად შესაძლოა, 3 თვეში მიეცეს, ხანგრძლივ პერიოდში, ხუთი -ათი წლის შემდეგ, დემოკრატიის პროცესს ხელს შეუწყობს.
„ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალი ხელისუფლებებები უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდებიან ვალდებულება- მოვალეობებს და უფრო ნაკლები თვითდარწმუნება ექნებათ, რომ ისინი ხელისუფლებაში ძალიან დიდხანს იქნებიან და რომ მათ ახალ არჩევნებამდე ხელს ვერავინ ახლებთ, მაგრამ აქ მეორე საკითხია, რომლის პროცესი სააკაშვილიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება, ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას ძალიან გაუშინაურდა და ეს გაშინაურების პროცესი უკვე, ძალიან სახიფათო ზღვარამდეა მისული. ეს საშიში პროცესი სააკაშვილის მმართველობაში დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მსოფლიოს ყველა რეკორდი მოხსნა 2004, 2005 და 2006 წლებში და ამ მხრივ, მაშინდელ აღიარებულ რეკორდსმენს ფრანგებსაც კი გაუსწრო. ეს ცოტა სახამუშო საქმეა, რადგან კონსტიტუცია კონსტიტუციაა, შეიძლება ეს დემოკრატიის გზაზე მყოფი საქართველოს მახინჯი შვილია, მაგრამ მაინც მისი შვილია და სათანადო პატივისცემას იმსახურებს“, - განაცხადა ცინცაძემ.
როგორც ცინცაძე from.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, პარლამენტის დათხოვნაზე პრეზიდენტი პრემიერის ანკესზე არ წამოეგება.
„ალბათ, ნაც მოძრაობაში“ გონიერი, რეალისტური ადამიანები არიან, რომლებიც დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას რეალურად აღიქვავენ და არც დღეს, არც აპრილში, არც მომავალი წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე არაა მოსალოდნელი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ისე, როგორც ეს ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში „ქართული ოცნებისადმი“ იმედი და მოლოდინი გაფერმკალდება, ვინაიდან ყველგან ასე ხდება, რაც უფრო მეტია მოლოდინი და იმედი, გულგატეხილობაც ყოველთვის ადეკვატურია ხოლმე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ზიარჭურჭელის პრინციპი ამუშავდება და რაც დააკლდება „ქართულ ოცნებას“ ის „ნაციონალურ მოძრაობის“ ყულაბაში გადავა. არა, ეს ასე არ მოხდება, ამით შესაძლოა ისარგებლოს, თუ გამოჩნდა მესამე ძალამ, მაგრამ ტრაგედიაც იმაშია, რომ მესამე ძალა საერთოდ არ ჩანს“, - განაცხადა ცინცაძემ.
კითხვის პასუხად, თუ არა ახალი მთავრობის დათხოვნის სურვილი, რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს ქვეყნის პრეზიდენტს, ცინცაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი წერტილოვან იდეოლოგიურ დამუშავებას აწარმოებს.
მისი თქმით, ამ მხრივ, არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილი ცდილობს თავის პოტენციურ მომხრეებს ჩაუნერგოს რწმენა, რომ ჩვენ კიდევ ვართ და ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გვაქვსო.
„ცუდი, კარგი, ტოტალიტარული თუ დიქტატორული სააკაშვილი პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. მას პიარის ნიჭი თავიდანვე გააჩნდა და 9 წლის განმავლობაში პოლიტიკაში ყოფნით დიდი გამოცდილებაც მიიღო. შედეგი რა იყო, ეს სხვა საკითხია. შედეგი არის წაგებული არჩვენები რითაც ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, მაგრამ რა აქვს ჩაფიქრებული სააკაშვილს ეს რთული სათქმელია. პრეზიდენტი შესახვედრად ახალგაზრდულ აუდიტორიას არჩევს, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს ის ხალხია, რომლებიც ორ, სამ ან ერთ წელიწადში უკვე ელექტორატად იქცევა. ე.ი სააკაშვილი წერტილოვან იდეოლოგიურ დამუშავებას აწარმოებს ამ მხრივ, არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილი ცდილობს თავის პოტენციურ მომხრეებს ჩაუნერგოს რწმენა, რომ ჩვენ კიდევ ვართ და ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გვაქვსო, თუმცა მიმაჩნია, რომ გინდაც დაკარგოს ან დააკლდეს რეიტინგი „ქართულ ოცნებას“ ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აბსოლუტურად, არაფერს მისცემს“, - განაცხადა ცინცაძემ.