ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „კალა კაპიტალთან" დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე კომპანია „კალა კაპიტალის" და „არსენალ სითის" პროექტის ირგვლივ შექმნილი პრობლემის კომენტირებისას განუცხადა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების ამჟამინდელი მინისტრი კახი კალაძეა.
„საინვესტიციო ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვანია. კომპანია „კალა კაპიტალის" „არსენალ-სითის" პროექტი ერთ-ერთია მათ შორის, სადაც ვალდებულების გადაცილებას ჰქონდა ადგილი და იყო სხვა საკითხებიც. მინდა, აღვნიშნო, რომ მას არავითარი პრეფერენციები არ შეექმნება. აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მიიღება, მაგრამ არანაირ პოლიტიკურ დეპოტიზმს და პროტექციონიზმს ადგილი არ ექნება" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
2008 წელს „არსენალ დეველოპმენტმა" ყოფილი არსენალის მთაზე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 38 მლნ დოლარად იყიდა, თუმცა ამ თანხიდან მხოლოდ 19 მლნ აქვს დაფარული.
კომპანიას „არსენალ სითის" პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც არსენალის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და კომერციული ფართების, სამთავრობო სტრუქტურების შენობების, გასართობი ობიექტების მშენებლობას გულისხმობდა, თუმცა პროექტის განხორციელება ამ დრომდე არ დაწყებულა.