გიორგი კვირიკაშვილი: კონკურენციის სააგენტო მონოპოლიების დაშლასა და ბაზრის გახსნაზე იმუშავებს

გიორგი კვირიკაშვილი: კონკურენციის სააგენტო მონოპოლიების დაშლასა და ბაზრის გახსნაზე იმუშავებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე 2013 წლის პრიორიტეტები წარადგინა.

მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაა.

კვირიკაშვილის განმარტებით, ფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება და ამ მიმართულებით მსხვილი საინვესტიციო ფონდის შექმნა იგეგმება. მისივე თქმით, აღნიშნული ფონდი კომერციული საბანკო სექტორის კონკურენტი არ იქნება. გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს ახალ კანონპროექტზე მუშაობა კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური მიმართულებით.

„ეს არის ირიბი გზით დახმარება იმ საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც განდევნილ იქნა სხვადასხვა ბიზნესიდან. დაგეგმილია კონკურენციის სააგენტოს შექმნა, რომელიც არსებული მონოპოლიების დაშლასა და ბაზრის გახსნაზე იმუშავებს. შემდგომ ეს იქნება პრევენციული მუშაობა იმისთვის, რომ არ მოხდეს კარტელური შეთანხმებები"- განმარტა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა ცხელი ხაზი, სადაც დიდი აქტივობა შეიმჩნევა.

„რეკავენ კომპანიები, რომელთაც აქვთ პრობლემები სხვადასხვა სფეროში ბიზნესის წარმოების კუთხით" - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პირადად არის ჩართული ამ კომპანიების დახმარებაში. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ იქნება განხორციელებული ბიზნესთან შეთანხმების გარეშე.