პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უმრავლესობა მზადაა, გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, მთავრობა 6-ის ნაცვლად სამ თვეში დაითხოვოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
ივანიშვილის განცხადებით, უმრავლესობა შესაბამის კანონპრექტს ამზადებს.
აღნიშნულის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საუბრობს.
პრემიერი ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გადაყენებისთვის ემზადება, თუმცა კანონის მოქმედი რედაქციით, პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის არგამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ივანიშვილის თქმით, ის მზადაა მიხეილ სააკაშვილს „დაეხმაროს“ და მთავრობის გადაყენების შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაც მისცეს, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
„მე მაქსიმალურად ვაჩვენე, რა სისტემა ააშენა სააკაშვილმა და რა სისტემის იდეოლოგი იყო ის. მან განაცხადა და შემდეგ ეს ბოკერიამაც გაიმეორა, რომ კრიზისის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ამას არ აკეთებენ - ე.ი კარგი ბიჭები ვართო. ამის ასე მიჩქმალვა არ მინდოდა და მინდოდა საქმე აქამდე მოსულიყო, რომ ყველას და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას ენახა, რა ხდება სინამდვილეში. თუ გავაანალიზებთ სააკაშვილის მიერ ბოლო ერთ კვირაში გაკეთებულ გამონათქვამებს, ეს კაცი მზადაა გადაიხვეწოს თვითონ და ჰგონია, რომ მთელ საქართველოს წაიყვანს, მაგრამ საქართველოს ვერ წაიყვანს. მე ყველაფერი მივიყვანე გამწვავებამდე და ახლა ვაპირებ პრევენციას - სააკაშვილის განკურნებას ვაპირებ. მინდა გავფინო ხალიჩა, რომ არც სააკაშვილმა მოიტეხოს კისერი და მით უმეტეს საქართველო არ შეარცხვინოს. მან აჩვენა, რომ მზადაა და თანახმაა გამოიყენოს ყველაზე დიდი დარღვევა და უსამართლობა, რაც ჩადო კონსტიტუციაში. მან დაიტოვა უფლება, დაითხოვოს მთავრობა როცა უნდა, დანიშნოს იგივე მერაბიშვილი ან უგულავა, შეიძლება ახალაიაც გამოუშვას ციხიდან და ეს გააკეთოს ისე, რომ პარლამენტის დამტკიცებას არ აქვს მნიშვნელობა - ესაა ყველაზე მწვავე ჩანაწერი კონსტიტუციაში. მას შეუძლია ახალ პარლამენტს სთხოვოს ახალი მთავრობის დამტკიცება, პარლამენტმა უთხრას უარი, მაინც დანიშნოს, თუმცა პარლამენტს ვერ დაითხოვს - 6 თვე ჯერ არაა გასული. სააკაშვილი მთავრობის დასათხოვად მზადაა, რადგან სხვა გამოსავალი ვერ ნახა. რაც შეეხება პრევენციას, რას ნიშნავს ის, პირველ რიგში, რომ ამის შესახებ ვისაუბრო, მეორე - ჩვენ ვამზადებთ კანონპროექტს (უსუფაშვილმა ის უკვე განიხილა ვიწრო გუნდთან და მათ შორის უმცირესობასთან, რადგან კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება ამის შეცვლას) და მე დავიწყებ ზუსტად ამ ნაწილის შეცვლას, თანაც დავიწყებთ არა პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, არამედ სასარგებლოდ, რომ მას 3 თვეში შეეძლება პარლამენტის დათხოვნა. სააკაშვილს მიენიჭება უფლება, თუ არ მოსწონს, დაითხოვოს მთავრობა და გააყოლოს პარლამენტიც, რის მერეც დაინიშნება ახალი არჩევნები. თუ უშვებ მთავრობას, ის უნდა გაუშვა პარლამენტთან ერთად, მაგრამ სანამ არ მოვა ახალი პარლამენტი, ის ვერ დაამტკიცებს მთავრობას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ კანონპროექტით ახალი მთავრობის არჩევამდე მოვალეობას ძველი მთავრობა შეასრულებს.
ივანიშვილის განცხადებით, მას შეეძლო სააკაშვილის „სისტემური დაავადება“ მიეჩქმალა, თუმცა ამაზე არ დათანხმდა.
„მათ უნდოდათ, რომ ეს დაავადება, რაც არსებობდა, მიგვეჩქმალა, გარკვეულ ეტაპამდე ამას ითხოვდნენ. მე მიჩქმალვაზე არ დავთანხმდი და ახლა წავიდნენ ვა ბაკზე. პირიქით, ყველაფერი გავაკეთე, რომ გამემწვავებინა და შეგნებულად არ ვუშლიდი ხელს ამ პროცესს“, - განაცხადა პრემიერმა.