თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს გენერალურ პროკურატურაში თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე გაურკვეველი უკანონო შეწირულობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს. სხვადასხვა თანამდებობის პირების პოლიტიკური მოტივით დაკითხვა მახინჯ ტრადიციად იქცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს.
აღნიშნული ფაქტები პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება უარყოფითად, რაც თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს აზარალებს. სამწუხაროდ, სხვადასხვა პირებზე ზეწოლის მცდელობით გამოწვეული ეიფორია, აბსურდის თეატრს დაემსგავსა. მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის განვითარების საკითხს. ოპოზიციის სახელით მზადყოფნას გამოვთქვამ, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ერთად ვიზრუნოთ ეკონომიკის წინსვლაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, რაც ცალსახად მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენ ხალხს" - აღნიშნულია განცხადებაში.