პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, დოკუმენტი გარკვეული შენიშვნებით პარლამენტში უკვე არსებობს, რომელსაც გავეცნობით და გავიგებთ - თუ რა ტიპის შენიშვნებია, მაგრამ თუ იგივე მეორდება, რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა, იმის საშუალება გვექნება, რომ ეს ვეტო დავძლიოთ“, - აცხადებს საგანელიძე.
უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შანსი და პერსპექტივა გააჩნია. თუმცა, მათ ამ საქმეში ე.წ. დამოუკიდებელ მაჟორიტართა ფრაქციის დახმარება სჭირდება. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივი თუ ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამმი მეხუთედი დაუჭერს. მოცემული მომენტისთვის კი, პარლამენტის სიითი შემადგენლობა 147 დეპუტატით განისაზღვრება (ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის მაჟორიტარული მანდატები მომავალ შუალედურ არჩევნებამდე ვაკანტურია). აქედან 83 პარლამენტარი უმრავლესობის წევრია. ამასთან, პარლამეტში მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული „უპარტიო, დამოუკიდებელ მაჟორიტართა“ ექვსკაციანი ფრაქცია და ორი დამოუკიდებელი მაჟორიტარი არსებობს. შესაბამისად, მათი მხარდაჭერისა და კენჭისყრაზე უმრავლესობის უკლებლივ ყველა წარმომადგენლის მობილიზების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ 91 ხმა ექნება, პრეზიდენტის ვეტოს დასძლევისთვის კი, 89 კანონმდებლის ხმა იქნება საჭირო.
თუ პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებული პროექტი მართლაც პრლამენტშია, ამ შემთხვევაში, ვეტოს დაძლევაზე დეპუტატები დღვანდელ რიგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.