ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის დროს, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელებმა ე.წ. „კანონიერი ქურდი", 1973 წელს დაბადებული კახაბერ ო., მეტსახელად „კახაბერ ტფილისკი" დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ძებნილი საქართველოში მოსკოვი-ბათუმის რეისით ჩამოვიდა.
კახაბერ ო. ქართველი სამართალდამცველების მიერ 1998 წლიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქციის) 104-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა) მე-7 პუნქტით და 152-ე (ყაჩაღობა) მუხლის მე-2 ნაწილის 1,4,5 პუნქტებით იძებნებოდა.
1997 წლის 30 ივნისს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, კახაბერ ო.-მ, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, პ.ბაგრატიონის ქუჩაზე ვიტალი ნადირაძის ბინა დააყაჩაღა. დამნაშავეებმა დაზარალებულის სახლიდან 22 დასახელების აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ტანსაცმელი გაიტაცეს.
ყაჩაღობიდან ორ თვეში, კახაბერ ო. კრიმინალური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ბახმაროს ქუჩაზე, ყაჩაღობის მიზნით, კუჩხალიდისების ბინაში შეიჭრა, რა დროსაც, მისმა თანამზრახველმა ბინაში მყოფ უშიშროების სამსახურის ოფიცერს „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
კახაბერ ო. პასუხისმგებლობაში 1998 წელს დაუსწრებლად მიეცა. ის წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა და არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.