"ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობა იმისთვის მოემზადება, რომ პროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული იყოს.
როგორც from.ge-ს ბესელიამ განუცხადა, პრეზიდენტს არ უნდა, რომ აღიაროს, რომ პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები ჰყავს, რის გამოც, გააფთრებით იბრძვის, რომ ისინი ციხიდან არ გამოვიდნენ.
„კანონპროექტში პედოფილიის მსგავსი სახელწოდებით მუხლები არ არსებობს და ეს სააკაშვილის მიერ მოგონილი ტყუილია. ამნისტიის პროექტში არ წერია გვარები, მაგრამ პროექტი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილს იმის არ უნდა აღიარება, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, მაგრამ პარლამენტის მიერ ეს ადამიანები დაპატიმრებულად და დევნილად იქნა აღიარებული და მათი ციხეში დატოვება არ შეიძლება, რადგან ამით ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას დავარღვევთ“, - დასძინა ბესელიამ.
პარლამენტმა 190 პირი პოლიტპატიმრად გამოაცხადა, ხოლო 25 ადამიანი პოლიტდევნილად.
რა შეეხება ვეტოს, რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადგენილ ვადაში კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს და იგი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს. მოტივირებული შენიშვნებით პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს, პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს მიიღებს, კანონპროექტი 5 დღის ვადაში პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს 7 დღის ვადაში აქვეყნებს. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას კენჭი ეყრება და კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს. თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში კანონი არ გამოაქვეყნა, მას პარლამენტის თავმჯდომარე ხელს აწერს და 5 დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს.
ვეტოს დაძლევისთვის 89 დეპუტატია საჭირო და „ქართულ ოცნებას“ უმცირესობიდან გამოსული მაჟორიტარების საშუალებით, ვეტოს დაძლევა თავისუფლად შეუძლია.