საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ ნაწილს ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სააკაშვილის განცხადებით. პრეზიდენტის რეზიდენციაში ამნისტიის კანონპროექტი დღეს საღამოს შევიდა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შს მინისტრის განცხადებას, რომ დანაშაული „უმნიშვნელოდ“ 50%-ით გაიზარდა.
"როცა ასეთი ბევრი გამოდის, ეს საფრთხის შემცველია. მათ შორის მეც მოვაწერე ხელი ბევრის გათავისუფლებას, რადგან სია წარმომიდგინეს. ამნისტია ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხე. თუ უშვებ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს, ძალიან აშავებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შენიშვნები აქვს ე.წ პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებითაც, რადგან არც ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ. "ბელორუსში 5 პოლიტპატიმარია, ჩრდილოეთ კორეაში - 11 და საქართველოს პარლამენტი ამბობს, რომ საქართველოში 200 პოლიტპატიმარია. ვის ვაწონებთ ამით თავს?! ვაცხადებთ, რომ ვართ არასერიოზული ქვეყანა და თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ეს განცხადება, მაშინ გამოდის, რომ ვყოფილვართ ბირმა, ბელორუსი და 70-იანი წლების დიქტატორები. მაშინ ამ ქვეყანაში ვინ ჩადებს ფულს, ვინ დაგასაქმებთ?! საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე. გევორქიანმა პირდაპირ მისცა "ნაკოლი", რის გამოც ფოთში მოგვიკლეს უამრავი ადამიანი - ენვერის საქმე, ის გარეთ გადის. იყო ასეთი უწყინარი მკვლევარი მაისაია. ერთ ორგანიზაციას გადაეყარა ევროპაში, რომელმაც უსაფრთხოების ანალიზების მიწოდება სთხოვა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მოთხოვნები მოგვიანებით გაიზარდა - სერიოზული ანალიზები მოსთხოვეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სუსტი დაცვის გამო თავდაცვის სამინისტროში მაისაია სენსიტიურ ინფორმაციას მოიპოვებდა.
"2006 წელს რუსეთის "გრუ"-ს აგენტები დავაკავეთ, რის გამოც მაისაიას შეეშინდა და მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ნურას უკაცრავად, ბიჭო, შენ ხომ არაფერი გეშლება და NGO ხომ არ გგონივართო. 6-7 ათასი ევრო რომ გამოგვართვი, ჩვენ ვართ სპეცსამსახური და ითანამშრომლეო და მანაც გააგრძელა. 2008-ში მაისაია იჯდა ჩვენი ოპერატიული მორიგის გვერდით და გადასცემდა რუსებს ჩვენი ნაწილების გადაადგილების სქემებს. ახლა მაისაია გადის გარეთ, როგორც პოლიტპატიმარი", - აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, ამ სიით გარეთ გამოდიან სახელმწიფო გადამტრიალებლებიც, რომლებმაც მუხროვანის ამბოხება მოაწყვეს. "გიგი კალანდაძემ შემოარტყა ალყა, ყველგან არტილერია დააყენა, მე დავრეკე დილით და ვიკითხე, რა გინდათ-მეთქი. ჩვენ გვინდა პრეზიდენტის გადადგომა, მთავრობის გადადგომა, ხელახალი არჩევნები და ყველა პატიმრის გამოშვება. ვუთხარი, მეტი არაფერი გინდათ-მეთქი? არაო. დავრეკე და სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი მეუბნება - ჩვენა ბატონო პრეზიდენტო გაფიცულები ვართ. ოთანაძემ მითხრა, არ მინდა შეწყალება, ან რუსეთი მოვა ან ჩემი მთავრობა და გამათავისუფლებსო. ოთანაძეს რამხელა წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პატიმრებს მის ჯიბრზე უშვებენ და არა ვინმეს დაკვეთით. "როდესაც ასეთ პატიმრებს უშვებ, ეს ან ჩემს ჯინაზე კეთდება - და მაშინ კიდევ გავიგებ, ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით. ამ ნაწილს დავადებ ვეტოს, რადგან არ მინდა, საქართველოს მოვჭრა თავი. მიმაჩნია, რომ დანარჩენი ამნისტიაც მიუღებელია, მაგრამ ეს არის პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ მათ სურთ, გადალახონ პირველ ნაწილში ჩემი ვეტო, აიღონ პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს თავს ჭრიან. გამოუშვან გადამტრიალებლები, რუსეთის აგენტები, პუტინი კიდევ ერთხელ შეაქებს, თავზე ხელს გადაუსვამს და იტყვის, რომ საქართველოდან პოზიტიური სიგნალებია. მე დავადებ ვეტოს ამას და იმასაც, რომ ყველა სხვა დანაშაულში გაჰყავთ პედოფილია, რომელიც არ იკურნება. ყველა სხვა დანარჩენი ჯანდაბას, მაგრამ პედოფილიის ნაწილს ვადებ ვეტოს. გადალახონ ეს ვეტოც და აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებს და რუსეთის ჯაშუშებს, მაგრამ მე საღ აზრზე ამას ხელს არ მოვაწერ", - აცხადებს სააკაშვილი.