საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე ეწვევა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაგეგმვა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის და ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნის შემდეგ დაიწყება.
„აშშ-ში პრემიერის ვიზიტი არ გადადებულა. ის არც ყოფილა დანიშნული. პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში აუცილებლად ჩავა. სავარაუდოდ თარიღი არის გაზაფხული, მაგრამ უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდები, შეიძლება უფრო გვიანაც იყოს. იანვარში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანას ეყოლება ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და სწორედ ამის შემდეგ მოხდება ამ ვიზიტის დაგეგმვა" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი ნოემბერში საქართველოს მთავრობის დატვირთული გრაფიკის გამო ვერ შედგა.
„მიმდინარე წლის ნოემბერში ძალიან დატვირთული იყო ჩვენი მთავრობის საქმიანობა. ასევე აშშ-ში არჩევნების შემდეგ არ იყო ჩამოყალიბებული ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც არჩევნების შემდეგ დაინიშნა. თანაც აშშ-ში ერთი-ორი დღით ვერ წახვალ და ეს უფრო გრძელვადიანი ვიზიტია. ამიტომაც გადაიდო ამ ვიზიტის დაგეგმვა"-