კოჰაბიტაციისთვის ახალი მთავრობა უფრო მზადაა, ვიდრე მისი ოპონენტები. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„თანაცხოვრების, თანაარსებობის, საერთაშორისო ტერმინი რომ ვიხმაროთ, კოჰაბიტაციის პროცესი, გარკვეულ წილად, კარგად მიმდინარეობს ამ სამინისტროში, თუმცა გარკვეულ წილად არის პრობლემები. საგარეო საქმეთა სამინიტროში შევინარჩუნეთ ორი მოადგილე, რომლებიც წინა მინისტრის პერიოდში იკავებდნენ აღნიშნულ პოსტებს. ორივე მათგანი არის ძალიან გამოცდილი და კარგი დიპლომატი და მათი დიპლომატიური საქმიანობა ვარდების რევოლუციის შემდეგ არ დაწყებულა, არამედ გაცილებით უფრო ადრე. გარკვეულ პერიოდში ჩვენი კარიერული საქმიანობა დაემთხვა. ორივე მათგანს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, მათ პროფესიონალიზმში. თავად სამინისტრო მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დატოვა, ზოგიერთმა მათგანმა თავისი სურვილით, ასე, რომ სამინიტროს თანამშრომლების 95% შენარჩუნებულია და მომავალში მათ ვპირდები უკეთეს პირობებს იმ თვალსაზრისით, რომ მათზე არ განხორციელდება არანაირი პოლიტიკური ზეწოლა, თუ კი ასეთი ხორციელდებოდა წინა მთავრობის პერიოდში" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესს, ფანჯიკიძის თქმით, ზოგიერთ საკითხში ის გართულებულია და ამმხრივ ელჩების თემას გაუსვა ხაზი.
„რამდენიმე ელჩმა თავიდანვე გამოთქვა სურვილი შეეწყვიტათ ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა, ვინაიდან მათი პოლიტიკური ხედვები განსხვავებული იყო, მიუხედავად ამისა, რომ ეს მათგან მოვისმინეთ ყველა მათგანი გარდა ერთისა, რჩება თანამდებობაზე ერთ-ორ თვეში ალბათ, მოხდება მათი გამოცვლა, გარდა ამისა, მოგეხსენებათ უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას გადავეცი იმ ქვეყნების სია, რომლებშიც ვფიქრობთ, რომ ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი უნდა დაინიშნოს ელჩად. ესეც არის გაჭიანურებული პროცესი და ვერ იძვრის. რამდენიმე მისიის ხელმძღვანელს 2013 წლის პირველი სამიტის განმავლობაში უმთავრდებათ როტაციის ვადა, შესაბამისად, მათი გამოწვევა არავის კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისი ბრძანებების პროექტების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია, მათი შემცვლელები კი დასახელდება, როცა ეს ელჩები გამოწვეული იქნება. ასე რომ კოჰაბიტაციის თვალსაზრისით, არის პრობლემები, არის კარგი მომენტები, თუმცა საბოლოო ჯამში ეს არის ნორმალური პროცესი, ვფიქრობ, ახალი ხელისუფლება ბევრად უფრო მზად ვართ, ამ კოჰაბიტაციისთვის, ვიდრე ჩვენი ოპონენტები" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.