ფონდ „ივერიისას" პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა შესთავაზეს.
სამინისტროში თანამშრომლებისთვის გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე მისულმა პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ყველა ქართველმა თანაბრად უნდა ააშენოს.
„ტაძარი აშენდება და არაფერი დაუდგება წინ. ჩვენი ფონდის მიზანია, რომ არ დარჩეს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მან ამ მშენებლობის შესახებ არაფერი იცოდა და გული არ დაწყდეს" - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ და დასძინა, რომ თეა წულუკიანი ღრმად მორწმუნე ადამიანია.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამშრომლებს შეახსენა, რომ შეწირულობის გაღება ნებაყოფლობითია.
„მენანება, რომ არ ვარ პირველი, ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს. მე როდესაც მოვიკითხე, სამინისტროს თანამშრომლები ამაში უკვე მონაწილეობდნენ. რამდენს შევწირავ, ეს საიდუმლოდ დარჩეს" - აღნიშნა წულუკიანმა.
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა სამინისტროს თანამშრომლებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც.
„ჩვენ კანონით ისეთი მოვალეობა გვაქვს დაკისრებული, რასაც ჰქვია „უნდა განიკითხო", მაშინ როდესაც საერთოდ აღიარებულია, რომ „არ განიკითხო". ამიტომ ამ კანონისმიერი ცოდვის ჩადენის გამო, ჩვენს მიერ შეწირულობას შეიძლება მეტი მადლი ჰქონდეს და შეწყნარებისთვის მეტი საშუალება გაგვიჩნდეს"- აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე თქმით, თავად მან და იუსტიციის მინისტრმა ორჯერ მეტი უნდა ჩარიცხონ, „რადგან ჩვეულებრივი, ერთჯერადი შეწირულობა კანონისმიერ ცოდვას ვერ აბათილებს".