სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტის ამერიკული სამედიცინო ტექნიკა განთავსდება, რომელსაც სამინისტროს კომპანია „ეი სი თი ეს" (ACTS) მიაწვდის.
ახალი სამედიცინო ტექნიკის უპირატესობებისა და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ დღეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა სოზარ სუბარმა, მისმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ და კომპანია „ეი სი თი ეს"-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გურამ ამირიძემ ისაუბრეს.
მათი განცხადებით, უახლოეს დღეებში ციხეები აღიჭურვება LSTAT-ის ტიპის პაციენტთა დახმარების პლატფორმით, რომელიც ინტენსიური თერაპიისა და ქირურგიული დახმარების კომპონენტებს აერთიანებს. LSTAT-ის ინტეგრირებული სამედიცინო სისტემები აშშ-ს არმიის, ფლოტის და საჰაერო ძალების მიერ გამოიყენება. აღნიშნული სისტემები ნატო-ს მიერ ერაყის გათავისუფლებისა და კამბოჯის ჰუმანიტარული ოპერაციების დროს იქნა გამოყენებული.
LSTAT-ის პლატფორმა მობილური, მრავალფუნქციურია და უზრუნველყოფს შეზღუდული დროისა და რესურსების პირობებში ინტენსიური თერაპიის და ქირურგიული დახმარების აღმოჩენას, სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს და უკეთესი კლინიკური გამოსავლის მიღწევას.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმება შედგა, რომელიც სამედიცინო ტექნიკის მხოლოდ ერთჯერად გადაცემას არ გულისხმობს. მხარეები ჯანდაცვის სისტემის მთლიან რეფორმირებაზე ერთობლივად იმუშავებენ. პროექტის ფარგლებში იანვრიდან ციხეების სამედიცინო პერსონალის გადამზადება დაიწყება.