ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის 2013 წლის ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ასპირანტ ქვეყნად დასახელებას ელის.
ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ასევე, სამომავლო გეგმებზე მინისტრმა დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
„2013 წლიდან საქართველო ევროკავშირის ურთიერთოებები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში გაიმართება. ამ დროსისთვის ევროკაშირის თავმჯდომარე იქნება ლიტვა, რომელიც ჩვენი მოკავშირეა და გვინდა, რომ ეს ჩვენი კონკრეტული მიზნების განხოციელების სამიტი გახდეს. ამისთვის საჭიროა, ზაფხულამდე დასრულდეს მოლაპარაკებების ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები" - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში დოკუმენტების 80%-ზე მეტი უკვე შეთანხმებულია, რაშიც სერიოზული წვლილი წინა ხელისუფლების პერიოდში მოქმედ სახელმწიფო უწყებებსა და ექსპერტებს მიუძღვით.პეტრიაშვილმა მათ ამისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე აღნიშნა, ევროპულ და ევროატლანტიკუს სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობა.
„მთავრია ვილნიუსის სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რომელიც გულისხმობს საქართველოს როგორც ასპირატი ქვეყნის აღიარებას. მინდა, ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს არის ჩვენი წევრობის ამბიციის აღიარება და არა კანდიდატად დასახელება" - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული გეგმიდან უახლოეს პერიოდში გადავა ასოცირების დღის წესრიგზე. ასევე, პეტრიაშვილის ინფორმაციით, დასრულებულია 2014-2020 წლის ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების გამოკვეთა