უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა 2012 წელი შეაჯამა. კუბლაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშკარა იყო პოლიტიკური თავდასხმები სასამართლო სისტემაზე, თუმცა იყო ადეკვატური პასუხი და ყველამ გაიგო, რომ ასეთი თავდასხმები სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერაფერს დააკლებს.
კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა თავისი პოზიცია დააფიქსირეს იმ გადაწყვეტილებებით რომლებსაც პროცესებზე იღებდნენ.
განსაკუთრებული მადლობა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს გადაუხადა.
„ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებზე წამოვიდა, თუმცა მათ გააგრძელეს ობიექტურად მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელსაც ასევე გააგრძელებენ. მოსამართლეებმა გააკეთეს ის, რომ 2005 წლისა და დღევანდელი სასამართლო ცასა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან“,- განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში დასრულდა სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაცია.
ასევე კუბლაშვილის განცხადებით, დასრულდა სასამართლო დარბაზების ელექტრონული სისტემით აღჭურვა და შესაძლებელი გახდა აუდიოჩაწერა. მისი თქმით, პროცესების 95%-ის აუდიოჩაწერა ხდება და მხარეებს აუდიოჩანაწერები გადაეცემა, რაც ხელს უწყობს საქმის სწრაფ განხილვას.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მომავალი წლის გეგმებიც გააცნო. როგორც მან აღნიშნა, 2013 წელს იგეგმება, რომ პარლამენტს სასამართლომ შესთავაზოს კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებებთან დაკავშირებით.
„დაუშვებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებების შეზღუდვა, უფლებამოსილება არ უნდა შეიცვალოს კონკრეტული ხელისუფლების ნებასურვილით. ჩვენ შევეცდებით, ამასთან დაკავშირებით იყოს მყარი გარანტი, რაც ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას“,- განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, 2013 წელსვე იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის გადაცემა პარლამენტისთვის, რითაც უზენაესი სასამართლო დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას მოსამართლეთა უვადო დანიშვნის შესახებ. კუბლაშვილის თქმით, ეს ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.