პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება, იმ საკითხზე იმსჯელებენ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, უწყება როგორ უნდა მოიქცეს.
ამ წუთებში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და კანონმდებლები სხვა ინიციატივებთან ერთად, „ამნისტიის შესახებ“ პროექტზეც იმსჯელებენ.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, შესაძლოა პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადოს და ეს საკითხი, ბიუროს სხდომაზე დაისმევა.
გუშინ, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი პროექტის იმ მუხლს არ ეთანხმება, სადაც პოლიტდევნილებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არის საუბარი. კერძოდ, იმ 190 პოლიტპატიმარსა და 25 პოლიტდევნილზე, რომელთაც გასულ თვეს, პარლამენტმა ეს სტატუსი მიანიჭათ.
კერძოდ, „ამინისტიის შესახებ“ კანონში პოლიტდევნილებისა და პოლიტპატიმრების სტატუსთან დაკავშირებით, 24-ე მუხლია შეტანაილი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ამნისტია, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ, აღასრულოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში. ამავე ვადაში მოხდეს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.
ამას გარდა, კანონში ნათქვამია, რომ მთავარი პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი ბრალდებული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ამნისტიის ამ კანონის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სასამართლოს ან ბრალდებულის თანხმობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.